განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტის სხვა შენობაში გადაყვანა არ შეიძლება მანამ, სანამ იქ არსებული უნიკალური ძეგლებისთვის საცავი არ შეიქმნება.
ამის შესახებ ექსმინისტრმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განათლების სამინისტროსა და ხელნაწერთა ინსტიტუტს შორის არსებული გაურკვევლობის კომენტირებისას განაცხადა.
„ხელნაწერთა ინსტიტუტში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ძეგლები ინახება. ეს ინსტიტუტი ექვემდებარება განათლების მინისტრს. ის, რაც მავნებელმა სანიკიძემ გააკეთა, კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც მან ამ სისტემის გასანადგურებლად გადადგა. ბუბა კუდავა და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ცენტრში მუშაობს თავისი საქმის პატრიოტია და მცირე ანაზღაურებით უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ. მე თუ მკითხავთ, რა ვერ მოვასწარი განათლების სისტემაში, გეტყვით, რომ ეს არის ხელნაწერთა ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა. 2012 წლის დეკემბერში ამ ინსტიტუტის რეაბილიტაცია უნდა დაწყებილიყო, შედგენილი იყო პროექტიც. სამწუხაროდ, ახალმა მთავრობამ ეს გეგმა წყალში ჩააგდო. ამის შემდეგ 2 წელი გავიდა და ინსტიტუტიდან გაუშვეს ადამიანი, რომელზეც იდგა ეს ინსტიტუტი“, - ამბობს შაშკინი.
ექსმინისტრს უჭირს პასუხის გაცემა, თუ რატომ მიიღო თამარ სანიკიძემ ეს გადაწყვეტილება.
„რატომ გააკეთა არ ვიცი, სანიკიძის სიტყვებზე რთულია საუბარი. გამოდის სანიკიძე და ამბობს, რომ მხოლოდ ჩვენი დახმარებით აგვარებდა პრობლემებს კუდავაო, აბა ვისი დახმარებით უნდა გააკეთოს? აბა რისთვის არის მინისტრი სანიკიძე? იმისთვის რომ ყავა დალიოს და დაქალებს ელაპარაკოს კაბინეტში? მოხდება ამ შენობის გასხვისება თუ არა რთულია ამის თქმა. პრობლემა უფრო სიღრმისეულია ვიდრე ეს კონკრეტული შემთხვევა. საცავებში ინახება უნიკალური მასალა, დოკუმენტები და ძეგლები. ამ ინსტიტუტის დროებით გადაყვანა სხვაგან არავითარ შემთვევაში არ შეიძლება, სანამ ამ ძეგლების შესანახად საცავი არ შეიქმნება. არის კიდევ მეორე მომენტი, ხალხი, რომელიც იქ მუშაობს. იქ მუშაობენ პატრიოტები, რომლებმაც წლების განმავლობაში ეს ყველაფერი შეინახეს“, - განაცხადა შაშკინმა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ განაცხადა, რომ განათლების სამინისტროს ცენტრის სხვა ტერიტორიაზე გადატანა სურს. ბუბა კუდავას თქმით, ტერიტორიით, სადაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობა მდებარეობს უცნობი კომპანია არის დაინტერესებული და შესაძლოა მისი გასხვისება მოხდეს. კუდავა აცხადებს, რომ ეს პროცესი შესაძლოა ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერებითვის დამღუპველი არმოჩნდეს.
მასალის გამოყენების პირობები






