იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელი შეკრების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო.
„მთელი მთავრობა შევიკრიბეთ, რადგან განგვეხილა მომავალი კვირის სამუშაო გრაფიკი. პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას გამოიყენებს. თითოეულ მინისტრთან გავიარეთ, ხომ არ შეგვიქმნიდა უხერხულობას პრეზიდენტის მიერ ვადის გამოყენება. პრინციპში, ისე დავიგეგმეთ, რომ არ გვეშლება ხელი, რომ პრეზიდენტი თავის ვადას იყენებს. ჩვენ კვლავ ვართ უფლებამოსილი მინისტრები. იმ კვირაში ძალიან ბევრი მინისტრი მივდივართ ვიზიტით და ეს ვიზიტები ვერ გაუქმდება და არ გაუქმდება. პრემიერს უბრალოდ სჭირდებოდა დარწმუნებულიყო, რომ ვიზიტები, რაც დაგეგმილია ნამდვილად ჩატარდებოდა. როდესაც პრეზიდენტი 7 დღის შემდეგ გადააგზავნის სიას, რომელიც არ შეიცვლება, ამის შემდეგ, პარლამენტი იტყვის, უცხადებს თუ არა ნდობას. მაგრამ, ჩვენ ეს ნდობა გვაქვს და ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






