ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის დასახელებით კონსტიტუცია არ დარღვეულა. ამის შესახებ „ნიუპოსტთან“ საუბარში ექსპერტმა ლევან ალაფიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, მინისტრთა კაბინეტის ერთი მესამედით განახლება არ ნიშნავს, რომ მთავრობას კომპეტენცია უწყება.
„კონსტიტუცია არ ამბობს, რომ ერთი მესამედით განახლების შემთხვევაში მთავრობის კომპეტენცია წყდება ან მათ რაიმეს გადაწყვეტილების მიღების უფლება აღარ აქვთ. მას სჭირდება ხელახალი ნდობის მოპოვება. მანამდე ისინი ასრულებენ იგივე ფუნქციებს, რაც მანამდე ჰქონდათ. მინისტრებთან, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, ტერმინის - მოვალეობის შემსრულებლის, იმავე შინაარსით გამოყენება, როგორც სხვა საჯარო მოხელესთან მიმართებაში, არასწორია. სახელი „მინისტრის მოვალეობის შემრულებელი“ არ არსებობს. აქ რომ იყოს სხვა შემთხვევა საქმე სხვაგვარად იქნებოდა. მაგალითად, როდესაც პრემიერი გადადგება ან მას გადააყენებენ იმპიჩმენტის პროცედურებით, ასევე როდესაც ხდება პარლამენტის მხრიდან მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადება ან არჩევნების შემდეგ ხდება ახალი მთავრობის ფორმირება, ამ შემთხვევაში უნდა წარიმართოს ის პროცედურები რაც არის კონსტიტუციით განსაზღვრული. პრეზიდენტი ამ დროს ჩართულია მხოლოდ პრემიერის კანდიდატურის შერჩევაში, ხოლო პრემიერი სამთავრობო პროგრამას და მინისტრებს არჩევს და ამის შემდეგ პროცესები წარიმართება პარლამენტში. სწორედ საკანონდმებლო ორგანოა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება ნდობის გამოცხადების ან არგამოცხადების შესახებ“, - განაცხადა ალაფიშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენობა დაასახელა. სოციალურ ქსელში და მედიაში განსხვავებული მოსაზრება იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ჰქონდა ღარიბაშვილს ამის უფლება.
მასალის გამოყენების პირობები






