სამთავრობო გუნდში განხორციელებულ ცვლილებებს „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი ალექსი პეტრიაშვილი გამოეხმაურა. როგორც ალექსი პეტრიაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, განხორციელებული ცვლილებები პროცესის პირველი ეტაპია და ეკონომიკური გუნდის და ღარიბაშვილის შეცვლა ივანიშვილმა სავარაუდოდ ეკონომიკური მდგომარეობის უფრო გართულების შემთხვევისთვის გადადო:
„ეს ცვლილებები ერთერთი ეტაპია და რადგან ცვლილებები ჯერჯერობით არ ხდება ეკონომიკური გუნდის და პრემიერის დონეზე მე ამას ივანიშვილის ხასიათს მივაწერ, იმიტომ რომ მას არ უნდა იმის აღიარება, რომ ეკონომიკური ხასიათის პრობლემები არსებობს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი არ თვლის მიზანშეწონილიად ახლა ამ ცვლილებებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის კიდევ უფრო მეტი ეკონმიკური სირთულეების მოლოდინშია, რომლის შემდეგაც მიირებს ამ გადაწყვეტილებას.“- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მას თინა ხიდაშელის გამინისტრების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა ალექსი პეტრიაშვილი მოსაზრებით, მთავარი არის ის, რომ მთავრობა გახდეს რეალურად გადაწყვეტილების მიმღები, არაფორმალური მმართველის გავლენის გარეშე მართოს ქვეყანა და აიღოს პასუხისმგებლობა, თუმცა ამავდროულად პეტრიაშვილი რესპუბლიკელებსა და ივანიშვილს შორის ბოლო დროს გაღრმავებულ თანამშრომლობასაც უსვამს ახაზს:
„ბოლო პერიოდის ცალკეული კომენტარებიდან და კონსოლიდირებული პოზიციებიდან ნათლად გამოჩნდა რომ კოალიციური თანამშრომლობა ივანიშვილს და „რესპუბლიკელებს“ შორის გაღრმავდა. მე იმის საწინააღმდეგო, რომ „რესპუბლიკური პარტია“ მთავრობაში იყოს წარმოდგენილი არ მაქვს, უნრალოდ აქ მთავრი არის ის, როდემდე შენარჩუნდება მთავრობაში ეკონომიკური გუნდი და პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილი ნომინალური ფიგურა გახდა და ადამიანური თვალსაზრისით უკვე თანაგრძნობასაც იწვევს, იმიტომ რომ ის საკუთარ დაანონსებულ განცხადებებსაც კი ვეღარ მართავს და კორექტივების შეტანა უწევს. ეს სიტუაცია ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა, ამ ურთულეს პოლიტიკურ პროცესში პრემიერის გადაწყვეტილების მიღების უნარი ნულთან არის გათანაბრებული. მთავრობა უნდა იყოს რეალურად გადაწყვეტილების მიმღები და არაფორმალური მმართველობის გავლენის გარეშე მართოს ქვეყანა და აიღოს პასუხისმგებლობა. ფაქტია რომ მთავრობის შიგნით სერიოზული ქაოსია და არ არის მუშა პროცესი, დღეგამოშვებით მინისტრებს ოჯახი ენატრებათ, სპორტი ენატრებათ, საღ-სალამათ ახალგაზრდებს ჯანმრთელობის მდგომარეობა უუარესდებათ. ახლა აღმოვაჩინეთ, რომ თავდაცვის მინისტრის შეცვლაც კოალიციური მუშაობის შედეგია.“- აცხადებს პეტრიაშვილი.
მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხიდაშელის გამინისტრების შემთხვევაში ოპოზიცია და განსაკუთრებით „თავისუფალი დემოკრატები“ მთავრობის საგარეო კურსის გაკრიტიკების ბერკეტებს დაკარგავენ, ალექსი პეტრიაშვილი არ ეთანხმება და მოსაზრების ავტორებს ურჩევს ამაზე არ იდარდონ:
„ჩვენ ბერკეტებზე ნურავინ ნუ იზრუნებს და ნუ იდარდებს, ბერკეტები საკმარისზე მეტი გვაქვს, ამ ვითარებაში ჯანელიძის შეცვლა აუცილებელზე აუცილებელი იყო, აუცილებელია საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლაც , მისი ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობიდან გამომდინარე. გულწრფელად მინდა ვისურვო, რომ თინა ხიდაშელი ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღწეულ შედეგებს გაუძღვება და პროგრესი იქნება ამ მიმართულებით და მიუხედავად ჩვენი ლიბერალური და საგარეო პოლიტიკური თანხვედრისა, თუ დავინახავთ, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც ეს ჭირდება ქვეყანას პირველი ვიქნებით ვინც მას გააკრიტიკებს და ასევე პირველი ვიქნებით ვინც მისი მხრიდან მიღწეულ პროგრესს მიესალმება.“ - აღნიშნავს პეტრიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






