პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურის წარდგენას უკავშირდება.
ამის შესახებ მაჭავარიანმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების უკან ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი დგას.
„პრეზიდენტის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხიდაშელის კანდიდატურაა, რომელსაც ხასიათიდან თუ განცხადებიდან გამომდინარე რთული ურთიერთობები აქვს პრემიერთან და საკმაოდ არაკორექტული დამოკიდებული ჰქონდა რიგი კრიზისული სიტუაციების დროს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტი მთავარსარდალია, თავდაცვის მინისტრს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ პრეზიდენტთან როგორც პიროვნულ ისე პოლიტიკურ დონეზე იურთიერთოს“, - განაცხადა მაჭავარინმა.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში „რესპუბლიკური პარტიის“ გაძლიერებაზე საუბარი არ უნდა იყოს, რადგან გადაწყვეტილება პიროვნული დამოკიდებულებით იქნა მიღებული.
„რესპუბლიკელების“ გაძლიერებაზე საუბარი გადაჭარბებულია. აქ საუბარია თინა ხიდაშელის დამსახურებაზე ბიძინა ივანიშვილის წინაშე, მას ეს დაუფასდა. ხიდაშელის კანდიდატად წარდგენა ივანიშვილის იდეაა, სხვა შემთხვევაში ღარიბაშვილი მას არ დაასახელებდა. ის თუ რა ვადებში მოხდა კანდიდატების დასახელება, გვაფიქრებინებს, რომ ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებაა პიროვნებებთან დაკავშირებით და არა „რესპუბლიკურ პარტიასთან“ დაკავშირებით. ჩემი ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს ბოლო წუთამდე არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა მათ თანაგუნდელებთან დაკავშირებით. ხიდაშელი მთელი წელი ცდილობდა დაემტკიცებინა საკუთარი ერთგლება ივანიშვილისთვის, ვიდრე პარტიის ინტერესები ამოეწია წინ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახე იქნება. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად თინა ხიდაშელი დასახელდა, სპორტის მინისტრობის კანდიდატად - ტარიელ ხეჩიკაშვილი, ხოლო გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატად - გიგლა აგულაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილმა პრეზიდენტს და მთავრობას მოუწოდა მთავრობა დაჩქარებულ ვადებში დაემტკიცებინათ, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელის მოწერა ერთი კვირით გადადო.
მასალის გამოყენების პირობები






