ლევან ყიფიანის ღია წერილი ირაკლი ღარიბაშვილს
პოლიტიკა - 19:13, 30 Apr, 2015     5051
სპორტია და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილი გაუგზავნა, სადაც ის ყველა იმ კითხვაზე სცემს პასუხს, რომელთან დაკავშირებითაც პრეტენზიები საკანონმდებლო ორგანოში წაუყენეს.


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში განხილული იქნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე წლის 6 აპრილის N25816 წერილი, რომლის თაობაზეც წარმოგიდგენთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პოზიციას და მოსაზრებებს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლერი ხაბელოვის, საქართველოს პრემიერ- მინისტრის სახელზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მ/წ 30 მარტს შემოსულ წერილთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა, სადაც სამინისტროს მიერ წარდგენილი იქნა დეტალური ინფორმაცია წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

საკომიტეტო მოსმენაზე ყურადღება იქნა გამახვილებული სპორტში არსებულ პრობლემებსა და წარმატებებზე და აღინიშნა, რომ კომპლექსური პრობლემები, რომელიც სპორტის განვითარებას აფერხებს წლების მანძილზე დაგროვილმა ობიექტურმა თუ სუბიექტურმა ფაქტორებმა გამოიწვია.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ჯანსაღ განხილვებს და პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას მიესალმება როგორც პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, ასევე სხვა ნებისმიერ ფორმატში. გავმეორდებით, რომ ყველა ეს პრობლემა მრავალი წლის მანძილზე დაშვებული შეცდომების შედეგია და მის გადაჭრას მრავალწლიანი მუშაობა სჭირდება.

სხდომაზე გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კომიტეტის წევრების მოსაზრებები გარკვეულ შემთხვევებში მისაღები და გასათვალისწინებელია, თუმცა არის საკითხები, რომლებიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვერ იქნება გათვალისწინებული. უპირველეს ყოვლისა, მინდა მოკლე ანალიზი გავაკეთო სამინისტროს საქმიანობისა, რაზეც საქართველოს მთავრობა პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში არის ინფორმირებული; ასევე ანალიზი იმისა, თუ რა

მიმართულებით არის მუშაობა გასაძლიერებელი და ასევე შევეხები იმ გარემოებებს, რაც ჩემთვის როგორც მინისტრისთვის მიუღებელია და გარკვეულ შემთხვევებში სახელმწიფოს კურსის საპირისპიროდაც შეიძლება იქნას განხილული.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩვენი გუნდის მოსვლისთანავე მოვახდინეთ ყველა არსებული პრობლემის იდენტიფიცირება და დავიწყეთ გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა, რაც ქვეყანას სპორტის მიმართულებით სწორი სისტემების ჩამოყალიბებისა და ეფექტური განვითარების საშუალებას მისცემს.

აქედან გამომდინარე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 22 მაისს მიიღო N127

დადგენილება „საქართველოს სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“. 8 თვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, შემუშავდა „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი“, რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის N601 განკარგულებით იქნა დამტკიცებული.

ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას წინ უძღოდა ქვეყნის მასშტაბით ფართომაშტაბიანი სპორტის კვლევა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასევე პირველად განხორციელდა. სამინისტროს საქმიანობის ერთერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი სპორტის სფეროს დეპოლიტიზაციაა, სპორტული სამყარო მთლიანად გათავისუფლდა პოლიტიკური და ადმინისტრაციული წნეხისგან, ფედერაციებსა და სპორტის მესვეურებს მიეცათ სრული თავისუფლება თავიანთ ქმედებებში, იქნება ეს ფედერაციის პრეზიდენტი, მწვრთნელი თუ სპორტსმენი, რაც თავისთავად შესაბამის პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. სპორტულმა საზოგადოებამ მიიღო ეს გამოწვევა და რეალურმა შედეგებმაც არ დააყოვნა.

იმ დროს, როდესაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მართვა ახალმა გუნდმა გადაიბარა, სამინისტროს ბიუჯეტი 47 მლნ ლარს შეადგენდა, იყო ფინანანსების მწვავე დეფიციტი და მუდმივი პრობლემები სპორტულ ფედერაციებთან ურთიერთობების დროს, დღეის მდგომარეობით მოგეხსენებათ, რომ საბიუჯეტო დაფინანსება 70 მლნ ლარს შეადგენს, რამაც სპორტის სფეროს სტაბილურობის განცდა გაუჩინა.

გაზრდილია დაფინანსება ყველა პროგრამული მიმათულებით, შემუშავებული და დამტკიცებულია წარმატებულ სპორტსმენთა წახალისების პროგრამა, რომელმაც მოიცვა სპორტის როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური და სათამაშო სახეობები, შედეგად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყველა წარმატებული სპორტსმენი ფინანსურად სტაბილური და უზრუნველყოფილია. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სრულად აქვს გათვიცნობიერებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილეობლობა და ეს მიმართულება ჩვენი პრიორიტეტია.

მოგეხსენებათ, თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს აღნიშნული კუთხით, ქვეყნის სპორტულ ინფრასტრუქტურას შეემატება ოლიმპიური აუზი და თბილისის სპორტის სასახლე, 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გარემონტდა და აშენდა 10-მდე სპორტული ობიექტი, იწყება ბათუმისა და თელავის სპორტის სასახლეების პროექტირების სამუშაოები, ფალავანთა კლუბის რემონტი, რეაბილიტაცია უტარდება ფოთის, წყალტუბოსა და ზუგდიდის სტადიონებს, სრულდება ზუგდიდის ყინულის სასახლის მშენებლობა, ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში დამონტაჟდა სავარჯიშო მოწყობილობები და ა.შ.

გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ მსგავსი სპორტული ობიექტების მშენებლობა, როგორიც 2013 წლიდან მიმდინარეობს საქართველოში, ბოლო 25 წელზე მეტია არ განხორციელებულა. გარდა ამისა, მომზადებულია ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც 200 სპორტულ ობიექტსა და 300-მდე სპორტულ რეკრეაციული ზონას მოიცავს. მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყანაში არსებული სპორტული ობიექტები ერთ მონაცემთა ბაზაში გაერთიანდება, რაც საშუალებას მოგვცემს გავატაროთ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების სწორი, გრძელვადიანი პოლიტიკა.

მიზანი ინფრასტრუქტურის მართვის ნოვატორული, ხელმისაწვდომი მოდელის შემუშავებაა, ვინაიდან სპორტული ინფრასტრუქტურით სარგებლობის ხელმისაწვდომობა ქვეყანაში სპორტის მასობრიობის ზრდის უმთავრესი წინაპირობაა. მოგეხსენებათ, რომ აღდგენილი იქნა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ასევე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებას დაიწყებს პროგრამა „ჭადრაკი სკოლებში“, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით 100 სკოლა და 6000-მდე ბავშვი ჩაერთვება. მიმდინარე წლის სექტემბრიდან განათლების სამინისტროსთან ერთად დაგეგმილია ფიზიკური აღზრდის მასწავლებელთა გადამზადებისა და სერთიფიცირების პროგრამის დაწყება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან: 2014 წლის მანძილზე განხორციელდა 50-მდე გასვლა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც მათ გადაეცათ საჭირო სპორტული ინვენტარი; წარმატებით მიმდინარეობს რეგიონალური სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სადაც 30000-მდე სკოლის მოსწავლეა ჩართული; განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავების პროცესშია და საქართველოს მთავრობას მიმდინარე წლის სექტემბერში წარედგინება სასკოლო ოლიმპიადის ეროვნული პროგრამის მოდელი, რომელშიც ყოველწლიურად 200000 სკოლის მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

ცხოვრების ჯანსაღი წესის კამპანია მიმდინარეობს არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც მსჯავრდებულები ეუფლებიან სპორტის სხვადასხვა სახეობას. რაც შეეხება მოძველებული კანონმდებლობის დახვეწის მიზნით განხორციელებულ სამუშაოს, მოგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ სრულად იქნა გაანალიზებული და იდენტიფიცირებული ის პრობლემები, რომელიც სახეზეა ქართულ სპორტში. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პროექტი რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ: სპორტული ფედერაციების, ასოციაციებისა და კავშირების აღიარებისა და დაფინანსების კრიტერიუმებისა და სტანდარტების კანონმდებლობით დარეგულირება; სპორტის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობების როლის განსაზღვრა; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროს სამართლებრივი დარეგულირება სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში; სკოლისგარეშე სპორტული და გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ფუნქციისა და საქმიანობის დარეგულირება;საერთაშორისო სპორტის სფეროს კონვენციებისა და ევროპასთან ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა; სპორტის სფეროს სპეციალისტთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის დარეგულირება; ცვლილებები საგადასახადო კოდექსში და სხვა.

სამინისტროს მხარდაჭერით ორი წლის მანძილზე მოპოვებულია მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა, კერძოდ: ძიუდო-,,გრანპრი’’-ს გათამაშება;

ფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე; თელავისადა ბათუმის ღია საერთაშორისო ტურნები (კაცები- ქალები); ჭადრაკის ოლიმპიადადა 20-ზე მეტი საერთაშორისოტურნირი; მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი; ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი; კარატე - ევროპის ჩემპიონატი;ხელბურთი - მსოფლიო ჩემპიონატი 18 წლამდე;

მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლი და ტრიატლი; ფეხბურთი - ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი 19 წლამდე. რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის

ცნობადობის ზრდას, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ასევე დამატებითი სტიმულია ქართველი სპორტსმენებისთვის.

აქვე აღსანიშნავია, რომ ქართველ სპორტსმენთა მონაგარი 2012 წელთან შედარებით საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული მედლების რაოდენობა 32%-ით არის გაზრდილი. ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ჩვენი მოსვლის დროს 2012 წელს სპორტული ფედერაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სპორტით დაკავებული მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 33 ათასს, ხოლო დღეს ეს ციფრი დაახლოებით 50 ათასია, რაც ნიშნავს, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე სპორტში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა 65%-ზე მეტით არის გაზრდილი.

არის კიდევ მრავალი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მიერ განსაზღვრული სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა სწორად და გეგმაზომიერად ხორციელდება, თუმცა კიდევ მრავალი პრობლემის წინაშე ვდგავართ და ვფიქრობთ არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად, დაგეგმილი და სტრატეგიული მოქმედებით ყველა პრობლემის მოგვარებას შევძლებთ. რაც შეეხება მასობრივი სპორტის განვითარებას, ეს მართლაც არის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში და მოსახლეობის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობის ის დაბალი, 16%-იანი მაჩვენებელი, რომელიც ზემოთ ხსენებულმა ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, მართლაც რომ საგანგაშოა.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რისთვისაც განხორციელდა და ხორციელდება მრავალი მასობრივი სპორტული ღონისძიება, რომლის უპირველესი მიზანია მოსახლეობის მასობრივად სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში ჩაბმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წერილში უარყოფითად არის შეფასებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობა, რასაც ვერ გავიზიარებთ შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: სამინისტროებს შორის არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების პროცესში (დოკუმენტი დამტკიცდა 2014 წლის 28 მარტს), 2014-2020 წლების სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში (დოკუმენტი დამტკიცდა 2014 წლის 4 აპრილს), განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული და ამ სტრატეგიების და სამოქმედო გეგმის ფარგლებში განისაზღვრა ამოცანები, რომლებიც ერთობლივად უნდა გადაიჭრას.

უკვე დაწყებულია ერთობლივი პროექტები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სტიმულირებასთან დაკავშირებით, მასობრივი სპორტის პოპულარიზაციის, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის, სხვადასხვა ტიპის სასპორტო თამაშების, ასევე ინტელექტუალური თამაშების, სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრებების ორგანიზების და სხვათა მიმართულებებით. - ორ სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობით და კონსულტაციებით სკოლების ინფრასტრუქტურის, მათ შორის სპორტული დარბაზებისა და მოედნების სრულყოფა თანამიმდევრულად ხორციელდება დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

2013-2014 წლებში კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა 38 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზს, 15 საჯარო სკოლა დაფინანსდა ღია სპორტული მოედნის მოსაწყობად. ახალაშენებულ 4 საჯარო სკოლაში მოეწყო უახლესი სტანდარტების შიდა სპორტული დარბაზი. 2015 წელს 6 საჯარო სკოლაში ხორციელდება სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია, სხვადასხვა მცირე სამუშაოებისთვის კი 5 ახალაშენებულ საჯარო სკოლაში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი, 2 საჯარო სკოლაში -ღია სპორტული მოედანი.

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით დარღვევები -სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 179-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. (ადმინისტრაციული საჩივრით ავტორებმა მოითხოვეს ამა წლის 13 მარტს დანიშნული სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნების გაუქმება, ახალი არჩევნების დანიშვნა, მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მიცემა და სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ჯ. ძაგანიას 2015 წლის ბრძანების მოქმედების შეჩერება.)

გამოყენებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების რეგულაცია. სადავო საკითხი შესწავლის სტადიაშია და ბუნებრივია, მიღებული იქნება შესაბამის გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით.

კომიტეტის წერილში დასმულია ისეთი საკითხები, როგორიცაა სასპორტო სკოლების აღდგენა სპორტის ამა თუ იმ სახეობაში გაძლიერებული წვრთნისა და სწავლების მიზნით. დღეს მოქმედი 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა იძლევა საშუალებას სკოლამ თავად განსაზღვროს თავისი მისია და მიზნები, რაც გულისხმობს, რომ სკოლას შეუძლია პრიორიტეტი მიანიჭოს სპორტულ საგნებს და მათ გაძლიერებულ სწავლებას. კონკრეტული მიზნების შესასრულებლად სკოლა უფლებამოსილია ეროვნული

სასწავლო გეგმით ერთი კლასისთვის განსაზღვრული საათობრივი დატვირთვის ფარგლებში ჯამური საათობრივი დატვირთვის 25% გადაანაწილოს საგნებს შორის (მათ შორის, სპორტის საგნის სასარგებლოდ).

სურვილის შემთხვევაში, სკოლამ შესაძლებელია მიიღოს გაძლიერებული სპორტული სკოლის სახელიც, სკოლა მოქნილი და უფლებამოსილია, საჭიროების შესაბამისად დაგეგმოს სასკოლო საგაკვეთილო ცხრილი და თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს სპორტული და საგაკვეთილო აქტივობები, ამდენად, კომიტეტის შენიშვნა მიუთითებს იმაზე, რომ პარლამენტარები საკვანძო საკითხებში გარკვეულები არ არიან.

რაც შეეხება, სკოლებში ფიზიკური აღზრდის საგნის სწავლების დაბალ ხარისხს და მეთოდური და დამხმარე მასალების შემუშავება-გამოცემის, ასევე პედაგოგების კვალიფიკაციის პრობლემებს _ ამ საკითხშიც დაბალი კომპეტენცია შეინიშნება, ვინაიდან ეს საკითხი ზოგადი განათლების განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და 2012-2014 წლებში სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს თანამშრომლობის შედეგად მუდმივად ჰქონდა გამოცხადებული გადამზადების პროგრამა სპორტის პედაგოგებისთვის: 2012-2014 წლებში გადამზადდა 450 პედაგოგი.ხოლო ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ახალი ერთობლივი ტრენინგის დაგეგმვაზე, რომელიც შეთავაზებული იქნება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგებისთვის. - უზრუნველყოფილია ფიზიკური აღზრდის საგნის სწავლებასთან დაკავშირებით შესაბამისი დამხმარე მასალების შემუშავება-გავრცელება, ესენია: 1. I-VI კლასების გზამკვლევი მასწავლებლებისთვის (2011. დაბეჭდილი), რომელშიც საუბარია სწავლა- სწავლების ძირითად პრინციპებზე (კერძოდ, ფიზიკურ განვითარებაზე, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაზე, მოტივაციის ამაღლებაზე, გაღრმავებულ სწავლებაზე, ასაკობრივ თავისებურებებზე, ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებაზე, და სხვა). დაწყებითი საფეხურისთვის შერჩეულია მრავალფეროვანი ფიზიკური ვარჯიშები და მოძრავი თამაშები სირთულისა და მოსწავლეთა ასაკობრივი

თავისებურებების გათვალისწინებით. (სრულად მისი ნახვა შესაძლებელია - http://ncp.ge/ge/curriculum? subject=42&pos1=500 ). საბაზო და საშუალო საფეხურების გზამკვლევები მასწავლებლებისთვის(2014. ელექტრონულად)- რომელიც მოიცავს 5 გზამკვლევს სპორტის შემდეგი სახეობებისთვის (ნახვა შესაძლებელია www.ncp.ge ): მძლეოსნობა, ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, რაგბი.

”გზამკვლევების კრებული სპორტის სახეობებში” (2010. დაბეჭდილი). მასში შესულია სპორტის 26 სახეობის სასწავლო პროგრამა. მომზადებული მასალები დარიგებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე განთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში (http://elibrary.emis.ge/ge/ ), ასევე ეროვნული სასწავლო გეგმების ვებპორტალზე (http://ncp.ge/ ) და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

წერილში აღნიშნულია, რომ აღდგეს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები და სპორტული სექციები.ამასთან დაკავშირებით გვინდა გითხრათ, რომ სკოლაში დაწყებით და საბაზო საფეხურებზე ყოველთვის ტარდება ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები; ამ კუთხით გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ, ორი სამინისტროს თანამშრომლობით შეიცვალა საგნის სახელი და ნაცვლად სპორტისა, მას დაერქმევა ფიზიკური აღზრდა და სპორტი.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბავშვთა სპორტის ფედერაციასთან თანამშრომლობით გადამუშავდა დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტი. საგნობრივი პროგრამა ითვალისწინებს ასაკობრივი ჯგუფის ბიო- ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ზოგად ფიზიკურ მომზადებას და იმ საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების შეძენას, რომლებიც დაეხმარება მას მონაწილეობა მიიღოს ფიზიკურ აქტივობებში.

დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის მთავარი საშუალება ფიზიკური ვარჯიშია, რაც I–VI კლასების საგნობრივ პროგრამაში წარმოდგენილია მოძრავი თამაშების, ტანვარჯიშის, მძლეოსნობის, სპორტული თამაშების (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი და სხვ.) ელემენტების სახით.

ახალი საათობრივი ბადის მიხედვით, ფიზიკური აღზრდისთვის განკუთვნილი კვირეული 2 საათიანი დატვირთვა ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში იცვლება კვირაში 3 საათით.

ასევე გაურკვეველია, თუ რა მონაცემებს ეყრდნობა საპარლამენტო კომიტეტიფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების რაოდენობის საკითხთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ დღეს მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ნაცვლად წერილში აღნიშნული 4178 მასწავლებლისა, სულ - 10 616 (საჯარო სკოლის - 10 042, კერძო - 574) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელია (ამ ნუსხაში შედიან პედაგოგები, რომლებიც სხვა საგნებთან ერთად ასწავლიან ფიზიკურ აღზრდასაც).

მათგან უმაღლესი განათლებით არის - 6 533 (საჯარო - 6 252, კერძო - 281), პროფესიული განათლებით - 566 (საჯარო - 550, კერძო - 16) პედაგოგი, ხოლო დანარჩენს აქვს სრული ზოგადი განათლება.

აღსანიშნავია, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სექტემბრიდან სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე იყო განთავსებული განსახილველად.

რეკომენდაციების მისაღებად წერილობით მივმართეთ საქართველოს პარლამენტსაც, თუმცა არანაირი გამოხმაურება არ მოყოლია.

იმის შესახებ საუბარი, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არ არის განპიროვნებული თუნდაც ერთი პიროვნება, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ფიზიკური აღზრდის სწავლების მდგომარეობაზე და მონიტორინგს გაუწევდა მას,რბილად რომ ვთქვათ არ შეესაბამება სიმართლეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი, რომელსაც სხვა საგნობრივ ექსპერტებთან ერთად ჰყავს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტიც, რომელიც კოორდინირებას უწევს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო გეგმის განვითარებას და დანერგვის მონიტორინგს.

ასევე, სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრშიც არის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი პედაგოგის სტანდარტზე და მათ გადამზადებაზე. ამ საკითხებზე ორ სამინისტროს შორის მუდმივი თანამშრომლობის რეჟიმია. - წერილში აღნიშნულია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ მასწავლებელთა ხელფასების განაწილების ახალ წესში, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი საერთოდ არ არის ნახსენები, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

სამინისტროს მიერ შემუშავებული მასწავლებელთა ხელფასების განაწილების ახალი წესი საერთოა ყველა საგნის მასწავლებლისთვის, მათ შორის სპორტის პედაგოგებისთვისაც.

რაც შეეხება პრეზიდენტის ბრძანებულებას N289, 2001 - შეიქმნას სუსტი ჯანმრთელობის მქონე მოსწავლეთა სპეციალური ჯგუფები, სადაც წარმატებით ხორციელდებოდა სამედიცინო ფიზკულტურულ- აღდგენითი ღონისძიებები, რომელსაც სათავეში ედგა განათლების სამინისტროს მეთოდური ცენტრი - მეთოდური გაერთიანებები, უცნაურია, თუ რას ეყრდნობა პარლამენტის კომიტეტი, ვინაიდან ასეთი გაერთიანებები ნამდვილად აღარ არსებობს 10 წელზე მეტია, დღეს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის (მასწავლებლის სახლის) საგნობრივი მიმართულების ჯგუფები გეგმავენ და ზრუნავენ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების განვითარებაზე, საგნის შესაძლებლობების გაზრდასა და ეფექტურობის ამაღლებაზე.

გარდა ზემოთაღნიშნული შეკითხვებისა გაცნობებთ, რომ საკომიტეტო მოსმენის დეტალური ანალიზის, ასევე დახურული სხდომის დეტალებში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს და მოითხოვა საკომიტეტო მოსმენის ოქმის, სტენოგრამული და აუდიო ჩანაწერის მოწოდება, თუმცა მათ მიერ აღნიშნული მასალა მოწოდებული არ იქნა, მიზეზად კი დოკუმენტაციის არ არსებობა დასახელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე დანართის სახით წარმოგიდგენთ დეპუტატების მიერ რეალურად დასმული შეკითხვებისა (ციტირება) და ჩვენს მიერ გაცემული პასუხების ქრონოლოგიას:

დეპუტატ ელდარ კურტანიძის შეკითხვები:

1. "რატომ არ მიგაქვთ თითოეულ მოჭიდავემდე პრემირების განკარგულება?“

2014 წლის 6 იანვრის დადგენილება „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა“, სამინისტროს ერთერთ მნიშვნელოვან წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. ადრე არსებულ მსგავს პროგრამასთან შედარებით ფინანსური წახალისება 20-30%-ით გაიზარდა და ითვალისწინებს მიღწეული შედეგების მიხედვით ფულადი პრიზების დაწესებას, სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ, ზოგიერთ არაოლიმპიურ და ცალკეულ სათამაშო სახეობებში სპორტსმენების, მწრთვნელების, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალისათვის.

პროგრამამ სრულად დაფარა სპორტის როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური და სათამაშო სახეობები. ამ პროგრამით 2 წლის განმავლობაში წარმატებულ სპორტსმენებზე, მწვრთნელებზე და სხვა ადმინისტრაციულ პერსონალზე 10 მილიონამდე ლარი გაიცა, დაწესდა ფინანსური წახალისება ფედერაციებზეც, რაც თითოეული ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის სოლიდურ ანაზღაურებას გულისხმობს.

სამინისტროს მხრიდან ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ არაერთხელ გაჟღერდა ყველა მედიის გამოყენებით. ასევე შედგა შეხვედრა ფედერაციების მესვეურებთან, სადაც მათ განემარტათ პროგრამის არსი. თითოეულ სპორტსმენამდე განკარგულების შენაარსის მიტანა კი, ვფიქრობთ, სწორედ ფედერაციის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება.

2. "ჭიდაობის ფედერაციის ბიუჯეტის ეკონომიის ხარჯზე რატომ არ მოგვეცა ფალავანთა კლუბის გარემონტების უფლება“?

სპორტული ფედერაციები ფინანსდებიან „სპორტულ სახეობათა განვითარების პროგრამის“ ასიგნებებიდან, პროგრამა ითვალისწინებს ფედერაციების მიერ გაწერილი კალენდარული გეგმის მიხედვით სპორტული ღონისძიებების (შეჯიბრების და შეკრებების) და ამ ღონისძიებებთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯების დაფინანსებას სუბსიდირების გზით. შესაბამისად, დეპუტატის მიერ სპორტული ღონისძიებების პროგრამიდან კაპიტალური ხარჯების გაწევის მოთხოვნა კომპეტენციის ნაკლებობის მაჩვენებელია, ესეც რომ არა - ადამიანისთვის, რომელიც 2 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ფედარაციას, ცნობილი უნდა იყოს რომ „ფალავანთა კლუბი“ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და იგი სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრს, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, მითუფრო სპორტულ ღონისძიებათა პროგრამიდან „ფალავანთა კლუბში“ რაიმეს სახის საერომონტო სამუშაოების განხორციელება ფედერაციის მხრიდან კანონდარღვევა და არამიზნობრივი ხარჯი იქნებოდა. გასაკვირია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი მინისტრს კანონის დარღვევას თხოვს.

3. "რატომ შეცვალა სამინისტრომ რეგულაციები სპორტსმენთა სტიპენდირებაზე?“

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 26 მარტის N01/189 ბრძანებით შეიქმნა „საქართველოს ეროვნული, ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრების წევრთა, მწვრთნელთა, ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალისა და პერსპექტიულ სპორტსმენთათვის სტიპენდიების დანიშვნასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია“, კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები.

სტიპენდიის დანიშვნის ან მოხსნის საკითხს კომისია განიხილავს მხოლოდ შესაბამისი ფედერაციიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42