„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის - ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისი გუნდი არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ,ალასანიამ ვიდეოდიალოგში „დიალოგი მოსახლეობასთან“ განაცხადა.
როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ისინი ითანამშრომლებენ ყველასთან არათუ პირადი სიმპათიიდან, ან ანტიპათიიდან გამომდინარე, არამედ საქმის საჭიროებიდან გამომდინარე.
" "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" თუ ნებისმიერი სხვა პარტიის მხარდამჭერებს, თუ მათ დროს ხელისუფლებაში მყოფ საჯარ პირებს ჩემს მოქალაქეებად აღვიქვამ. წესიერი, მშრომელი, პატიოსანი ადამიანები "ნაციონალურ მოძრაობაშიც", "ქართულ ოცნებაში", ჩემს პარტიაშიც და ყველგან არიან. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, დავყოთ და დავანაწილოთ. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, კონსოლიდაცია გავუკეთო ყველა ძალას, პროდუქტიულ ადამიანებს. თანამშრომლობა იქნება ყველასთან, არა პირადი სიმპათიიდან და ანტიპათიიდან, არამედ საქმიდან გამომდინარე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საშინელი დანაშაული ვინმეს უნდა ვაპატიოთ, მაგრამ უნდა ვაპატიოთ გადაცდომები. პატიების განცდა თუ არ გვექნება, რადიკალურ დაპირისპირებამდე მივალთ. ამიტომაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ისეთი გამოხტომები, როგორიცაა - საჯარო სასამართლოები მოვაწყოთ, ლინჩის წესით გავასამართლოთ და ა.შ. ეს არის არამხოლოდ უგუნური, არამედ უღირსი განცხადებები ადამიანებისა, რომელთაც საერთოდ არ წარმოუდგენიათ, როგორ ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში ნაბიჯების გადადგმა" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






