რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი - ნოდარ ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია სამთავრობო პროგრამის დეტალები, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი წარსდგება პარლამენტის წინაშე, ცნობილია მხოლოდ ის, რომ საუბარი მის უწყებასაც შეეხება და შენარჩუნდება ყველა ის პოზიტიური საწყისი, რაც მას რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დახვდა.
"მე შემიძლია გითხრათ ის, რომ სამთავრობო პროგრამაში ჩემი უწყების ნაწილზეც იქნება საუბარი. ეს არის 2015-2017 წლების ძირითადი მიმართულებები. დანარჩენი, რა საკითხებზე გამახვილდება სამთავრობო პროგრამაში ყურადღება ჩემთვის უცნობია. ალბათ, საუბარი იქნება ზოგადად შექმნილ ვითარებაზე და უახლოესი წლების ამოცანებზე", - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, 2015-2017 წლების გეგმა უკვე გაწერილია და მოიცავს გზებისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
„2015-2017 წლების გეგმა უკვე გაწერილია, მასში საუბარია, როგორც გზებზე ისე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჩვენი ამოცანაა აღებული ტემპი შევინარჩუნოთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავაღრმაოთ", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ ჯავახიშვილი, დავით შავლიაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ასრულებს რეგიონალური და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობას.რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






