_ეჭვგარეშეა, რომ ქვეყანაში აშკარად არის ეკონომიკური კრიზისი და ამის დასტურია თუნდაც ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებელი, ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა და ფასების მატება, რომელსაც მთავრობა ვერაფერს შველის და ყველაზე ცუდი ის არის, რომ რაიმე პოზიტიურის მოლოდინი ამ მიმართულებით არ არსებობს. როგორც წესი, ეს აისახება ხოლმე პოლიტიკაზე და ასეთ ვითარებაში, მოლოდინი იმისა, რომ პოლიტიკური კრიზისი აუცილებლად დადგება, ალბათ რეალურია.
_ფიქრობთ, რომ პოლიტიკური კრიზისი ჯერ არ დამდგარა?
_პოლიტიკური კრიზისის კლასიკური სახე ეს არის საპარლამენტო, სამთავრობო კრიზისი და ა.შ. მაგრამ ისეთ ქვეყანაში, რომელიც იმართება არა ხელისუფლების შიგნით, არამედ ხელისუფლების გარედან, გავლენიანი ფიგურის მიერ, ამ ვითარებაში კლასიკურ პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი რთული იქნება. ამიტომაც დავიწყე საუბარი ეკონომიკური კრიზისიდან და თუ ამ მომენტში ჯერ კიდევ არ შეიძლება ითქვას, რომ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ვიმყოფებით, ყოველ შემთხვევაში, ამის პირველი ფაზა არსებობს.
_თუმცა, იმ ფონზე, როცა ლარის ვარდნა პიკს უახლობდება და როცა საზოგადოება და პოლიტიკური წრეები ითხოვენ ეკონომიკური გუნდის შეცვლას, ჩვენ ვხედავთ, რომ შეიცვალა არა ეკონომიკური, არამედ სხვა პროფილის მინისტრები. რამდენად რეალურია კულუარებსა და პოლიტიკურ წრეებში არსებული მოსაზრება, რომ აღნიშნული ცვლილება სწორედ პრემიერის შეცვლას უკავშირდება?
_იმის გამო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, არ მგონია ეს პირველი რიგის საკითხი იყოს, რის გამოც ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდეს სურვილი, პრემიერის შეცვლის, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივია მისთვის იქნება, რადგან ეს პირადად მას ურტყამს პოლიტიკურად. მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ არაეკონომიკური გუნდი, არა ძალოვანი მინისტრები, არამედ სპორტის და სხვა პროფილის მინისტრები გადადგნენ, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არის მცდელობა მთავრობის უფრო კოსმეტიკური, ტექნიური სახეცვლილებისა, რომლის მიზანიც, შესაძლოა, ერთის მხრივ, დოლართან მიმართებაში ლარის ახალი ნახტომის გადაფარვა და მეორეს მხრივ, პატრონის მხრიდან პრემიერთან მიმართებაში უფრო გამაფრთხილებელი აქცია იყოს. მე, პირადად, მოლოდინი იმისა, რომ პრემიერი შეიცვლება, ამ ეტაპზე არ მაქვს, თუმცა მაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება სახელი და გვარით პრემიერი დარჩეს იგივე, მაგრამ არა პრემიერის ფუნქციითა და დატვირთვით.
_რას გულისხმობთ?
_ღარიბაშვილს, როგორც პრემიერს ჰქონდა საშუალება, გარკევული გარემოცვა და დასაყრდენი ჩამოეყალიბებინა, პირობითად კლანსაც კი უწოდებდნენ მის საახლობლოს, რაზეც გამუდმებით იყო საუბრები, მათ შორის პრესაშიც... ამ ადამიანებისგან ალბათ მთავრობა გაიწმინდება და ამასთან ერთად, ფორმალურად თუ რამე ძალაუფლება ჰქონდა, კანონმდებლობით არა, მაგრამ პრაქტიკულად, ალბათ, ეს ძალაუფლებაც ჩამოერთმევა. მე ამის მოლოდინი მაქვს - ამ ეტაპზე სახელი და გვარები არ შეიცვლება, ეს თავად პატრონისთვისაც წამგებიანია მარტივი მიზეზის გამო - ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ახალი პრემიერის დანიშვნამ, ანუ ღარიბაშვილის შემცვლელმა, სერიოზული ცვლილებები უნდა მოახდინოს, მინიმუმ, საზოგადოების დასანახად მაინც. ამ ეტაპზე, როცა ამის მზაობა არ არის, ივანიშვილისთვის წამგებიანი იქნება, თუმცა ისიც კარგად ესმის ექსპრემიერის, რომ ღარიბაშვილს ჭკუა უნდა ასწავლოს. ასეთ დროს, ორ ცეცხლსშუა აღმოჩენილმა ივანიშვილმა, ჩემი აზრით, არჩევანი მაინც გააკეთა იმაზე, რომ ღარიბაშვილი კიდევ უფრო შესუსტდება. ის თუ მხოლოდ ივანიშვილზე იყო დამოკიდებული, ამჯერად, შეიძლება კიდევ უფრო დასუსტდეს. ეს არ იქნება ალბათ ხანგრძლივი პროცესი - ცვლილებები დიდი ხნით არ გადაიდება და უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ, რომ კაბინეტი მაინც შეიცვლება.
მასალის გამოყენების პირობები






