„დემოკრატილი მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ვითარებიდან გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.
მისი თქმით, მხოლოდ ტექნიკური ცვლილება ქვეყანას რთულ ვითარებაში ჩააყენებს.
„დავანახეთ მსოფლიოს, რომ მართლაც უნიკალური ქვეყანა ვართ, სადაც ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის დროს ხელისუფლებაში გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრები იცვლებიან. ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და რეალური ცვლილებები ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ის პრემიერის დღევანდელ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა დაგეგმილ ვიზიტებზე და შეხვედრებზე ისაუბრა.
„იმ ადამიანებს ვირჩევთ ქვეყნის ბატონ-პატრონად, რომლებიც პოლიტიკური ცხოვრების გაგებაში არ არიან. რომელთათვისაც ოფიციალური თუ სამუშაო ვიზიტი დიდი მიღწევაა და ჰგონიათ, რომ თუ საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა სტუმრად, ეს არის ქვეყნის მართვა. ანეკდოტურ სიტუაციაში ვართ. ძალიან გულიანად გავიცინებდი ამ ქვეყნის მტერი რომ ვიყო, მაგრამ ნამდვილად არ გვაქვს სასაცილოდ საქმე“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






