საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის N882 განკარგულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის დახმარების საკითხის მოკვლევა დაიწყო.
კერძოდ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოიკვლევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ზემოაღნიშნული განკარგულების დანართი N1–ით გათვალისწინებული დახმარების ფაქტი შემდგარია თუ არა, ასევე, გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას კონკრეტულად რა ფორმით ეხმარება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „ჯი–დი–ეს თი–ვი”-ს.
მოკვლევის შედეგები საჯაროდ გამოქვეყნდება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
შეგახსენებთ, მთავრობის განკარგულებით თავდაცვის სამინისტრო "ჯი დი ესს" სერიალების გადასაღებად ტროტილით, ტყვიამფრქვევით და სხვა საბრძოლო რესურსებით დაეხმარება.
GDS TV-ის მხარდასაჭერად თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.როგორც მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ "ჯი დი ესს", სერიალ "ტიფლისის" მეორე სეზონისა და მასთან ერთად, ახალი ისტორიული ჟანრის მხატვრული მრავალსერიანი ფილმის, "ქერჩის" გადაღების მიზნით, სათანადო დახმარება უნდა გაუწიოს და განსაზღვრული რესურსებით უზრუნველყოს. კერძოდ, ეს რესურსია: 10 კგ ტროტილი, 50 კაფსულ-დეტონატორი (კდ8), 30 ცალი ელ. დეტონატორი, 100 ცალი სადეტონაციო ზონარი, 5 000 ფუჭი ვაზნა და 10 კგ შავი დენთი. გარდა ამისა, "ჯი დი ესს" დროებით სარგებლობაში 3 ერთეული ტყვიამფრქვევი და 6 ცალი ვაზნის ლენტი გადაეცემა.
მთავრობის განკარგულება 24 აპრილით არის დათარიღებული და იგი ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
მასალის გამოყენების პირობები






