უმრავლესობის დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, სამთავრობო ცვლილება მიუთითებს იმაზე, რომ სამინისტროების მუშაობა გასაუმჯობესებელია.
ამის შესახებ ქუცნაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
„სიმართლე გითხრათ ყიფიანის გადადგომის შესახებ ის ინფორმაცია მქონდა, რაც თქვენ. ამის შემდეგ უკვე გარკვეული პროცედურების გავლა იქნება საჭირო, რადგან ყიფიანი რიგით მეშვიდე მინისტრია ვინც გადადგა. მე ამას სამთავრობო კრიზისს ვერ დავარქმევდი. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურებას. ის, რომ ბოლო პერიოდში მინისტრთა კაბინეტში ამდენი ცვლილება მოხდა, მიუთითებს იმაზე, რომ გასაუმჯობესებელია მუშაობა“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, რომელიც მეშვიდე გადადგარი მინისტრია. მინისტრთა კაბინეტში სულ 20 წევრია, რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. რაც შეეხება პროცედურებს, პრეზიდენტი პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას. პრეზიდენტისთვის პრემიერის კანდიდატურა წარდგენილი უნდა იყოს უმრავლესობის მიერ, ხოლო მინისტრობის კანდიდატურები პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის მიერ. პარალამენტმა ახალ შემადგენლობას წარდგენიდან შვიდ დღეში უნდა უყაროს კენჭი.
მასალის გამოყენების პირობები






