პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ბაქოში ჩასვლას ნეგატიურად აფასებს. მისი განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალურად წარმართვისთვის, მნიშვნელოვანია რომ პირი რომელიც ჩვენს საქართველოში ძებნილადაა გამოცხადებული, მეზობელ ქვეყანაში თავისუფლად არ გადაადგილდებოდეს.
„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის, ამ ყველაფრის ნორმალურ ჩარჩოში შესანარჩუნებლად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირი, რომელიც ძებნილია ჩვენს ქვეყანაში და რომლის მიმართაც არის ძალიან სერიოზული და მძიმე ბრალდებები წაყენებული, თავისუფლად არ გადაადგილდებოდეს ჩვენს მეგობარ ქვეყანაში“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ექსპრეზიდენტისა და მთავრობის ყოფილი მეთაურების ფორუმის დასასწრებად გუშინ ჩავიდა, რასთან დაკავშრებითაც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აზერბაიჯანულ მხარეს ექსპრეზიდენტის დაკავება მოსთხოვა, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებისა და ექსტრადაციის დაკავშირებით კი აზერბაიჯანის პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






