საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ინტერპარტიული ჯგუფის პრეზიდენტთან შეხვედრას ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა დადებითად აფასებს.
როგორც ქარდავა „ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებს საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს უჭერს ხელისუფლების ყველა ინსტიტუცია, საერთაშორისო ორგანიზაცია და სამოქალაქო სექტორი, გარდა საქართველოს მთავრობისა. თუმცა ედპ-ს ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ ცვლილებას მთავრობაც დათანხმდება:
„ჩვენ, 1 წლით ადრე დავიწყეთ მუშაობა ინტერპარტიულ ფორმატში და დავასრულეთ კიდეც, რომელიც ეხებოდა საარჩევნო კანონმდებლობაში გასატარებელ ცვლილებებს. აღნიშნუილ საკითხზე, ჩვენ რამდენჯერმე უკვე შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს და მინდა ვთქვა რომ მისი პოზიცია აბსოლუტურად ადეკვატურია, იგი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და საარჩევნო კანონმდებლობას სერიოზულ ყურადღებას ანიჭებს და იმედი გვაქვს რომ მისი სიტყვა ამ მიმართულებით გარკვეულ გააქტიურებას შეუწყობს ხელს.
არ დარჩა არც ერთი ინსტიტუცია ხელისუფლებაში, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, ვისთანაც არ გვქონია შეხვედრა და ვისაც მხარი არ დაუჭერია ამ წამოწყებისთვის, გარდა ერთისა - ეს არის საქართველოს მთავრობა. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობაც მოისურვებს ამას და უმრავლესობა რომელიც ფაქტობრივად პრემიერის სიტყვას ელოდება რეალურად მიიღებს გადაწყვეტილებას და იქონიებს პოლიტიკურ ნებას განახორციელოს ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






