ხვალ, 28 აპრილს 10:00 საათზე სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოში ნატოს ოფისისა და რუმინეთის საელჩოს თანაორგანიზებით ევროატლანტიკური ფორუმი პირველ კონფერენციას გამართავს. კონფერნციას გახსნიან საქართველოში რუმინეთის ელჩი დიმიტრუ ბადეა და ევროატლანტიკური ფორუმის სახელით ბაჩუკი ქარდავა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენცია სპეციალურ დეკლარაციას მიიღებს.
ევროატლანტიკური ფორუმის დამფუძნებელთა განმარტებით, კონფერენცია ერთგვარი მოსამზადებელი და პირველი ნაბიჯია უფრო ფართო ფორუმის ჩასატარებლად, რომელიც, მათი თქმით, შემოდგომაზე იგეგმება.
,,მიმაჩნია, რომ ევროატლანტიკური მიმართულების კონფერენციის ჩატარება, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მისი ფორმიდან გამოდმინარე. სულ რამდენიმე თვეა საქართველოში შეიქმნა საზოგადოებრივი ჯგუფი ევროატლანტიკური ფორუმის სახელწოდებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების პარტიებსა თუ საზოგადოებრივ ჯგუფებს. ამ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების მთავარ მიზანს წარმოადგენს, დასავლური მიმართულებით, ქართველი ხალხის მისწრაფებების უფრო მკაფიოდ წარმოჩენა. ეს გარკვეულწილად წარმოაჩენს იმასაც რომ, მიუხედავად ჩრდილოეთიდან მართული ჯგუფების ,,ბრახაბრუხისა“, დასავლური და ევროატლანტიკური მიმართულება ქვეყანაში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მძლავრია, რადგან ეს ქართველი ხალხის მყარი და სწორი არჩევანია, რომელიც საჭიროებს მუდმივ მუშაობას და ეს არ არის არც ცალკე აღებული ხელისუფლების ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პრეროგატივა, არამედ ამაში მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი, რაც ტემპს ბევრად უფრო მაღალს და შედეგებს ხელშესახებს გახდის. ქვეყნის დასავლური მიმართულებით განვითარება წარმოადგენს ჩვენს სტრატეგიულ მიზანს და ამ მიზნის გარშემო ჩვენ ვართ ერთიანი და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ.“ - განაცხადა ევროატლანტიკური ფორუმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






