„გაერო-ს წარმომადგენლებმა სოხუმში ერთ-ერთი ბოლო ჩასვლისას ეს საკითხი კიდევ ერთხელ დააყენეს. გალის შეხვედრები სამ წელზე მეტია არ ჩატარებულა და ამ ხნის განმავლობაში რეგულარულად ხდება ამ საკითხის დაყენება.
მოლაპარაკების პროცესი მიდის. მით უმეტეს გაერო ახორციელებს მას და არ მგონია, ჩვენი პარტნიორების გვერდის ავლით უნდა ვილაპარაკო იმ სცენარებზე, რაზეც ისინი საუბრობენ. იმედი გვაქვს, რომ შეხვედრები აღდგება.
ამ ბოლო დროს გარკვეული ტენდენცია გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, პრობლემები რომ არ იყოს, შეხვედრები ამდენი ხნის განმავლობაში აღდგებოდა. ბუნებრივია, არის რაღაც გარკვეული წინაპირობები და ამ წინაპირობების გადალახვაზე ვმუშაობთ, რაშიც გაერო-ს წარმომადგენლები ძალიან მონდომებულნი არიან.
ადგილი ყველაზე ნაკლებადაა მნიშვნელოვანი. ამაზე ამ წუთას ლაპარაკი ნამდვილად არ არის. ყველგან შეიძლება ჩატარდეს. ალბათ უფრო გალი ან გალთან სადმე ახლს.
ასეთ შემთხვევაში ადგილზე წყდება ბევრი საკითხი. მოგეხსენებათ, გალში თუ ერგნეთში პოლიტიკური საკითხები არ განიხილება. განიხილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისა და გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებული პრობლემები. ეს შეიძლება ყოფითი საკითხები იყოს, გამორიცხული არ არის კრიმინალური საკითხებიც - ვიღაცას ძროხა დაეკარგა, ვიღაც ადამიანი დაკავებულია და ასე შემდეგ. უამრავი, ყველდღიური საკითხები, რაც ადგილზე საკითხის გადაწყვეტას მოითხოვს ყოველგვარი ცენტრიდან თუ გარკვეული მაღალ დონიდან ჩარევის გარეშე.
ამ ტიპის შეხვედრები ტარდება, მაგალითად, ერგნეთში და ჩვენ ვხედავთ, რომ სირთულეების მიუხედავად, ბევრი საკითხი გვარდება. თუმცა, უფრო მეტი ვერ გვარდება, მაგრამ საუბარი მიმდინარეობს. მუშაობის საშუალება გვეძლევა. ამიტომ ასეთი ფორმატი აუცილებელია.“ აცხადებს ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში როცა ეს მოლაპარაკებები შეწყვეტილი იყო ყოფითი პრობლემები ტელეფონებით და კონკრეტულ თემებზე კონკრეტული შეხვედრებით გვარდებოდა. ასეთ პირობებში დრო ძალიან იწელება. იმ საკითხს, რომელიც შეიძლება ერთ კვირაში გადაწყდეს, ერთი თვე ვუნდებით.“- აღნიშნავს ზაქარეიშვილი. მინისტრის შეფასებით გალში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია:
„ნამდვილად დადებითი ნიშანია ის, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დღეს ცდილობს გალელები მიიღოს, მათი მოქალაქეობის მიუხედავად. ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გალის რაიონი იყოს მშვიდობის რეგიონი, ურთიერთობების გარკვეულწილად მომწესრიგებელი და რომ გალელებს მოქალაქეობის გამო არ ექმნებოდეთ პრობლემები.
მოქალაქეობა არ უნდა იყოს ადამიანების უფლებების დარღვევის მიზეზი. ამ მხრივ ნამდვილად სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. მიმაჩნია, რომ მისასალმებელია ასეთი დამოკიდებულება და გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეებს გარკვეულწილად უკვე ანგარიშს უწევენ.“- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
წყარო „რეზონანსი“
მასალის გამოყენების პირობები






