შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "მთელ კვირასთან" ინტერვიუში გალის რაიონში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გალში თავისუფლად სუნთქვა დღეს უფრო შეიძლება, ვიდრე ადრე.
"მე გალში ცოცხალ, კონკრეტულ ადამიანებთან მაქვს კონტაქტი და როგორც წესი, უმრავლესობა აღიარებს, რომ თავისუფლად სუნთქვა დღეს უფრო შეიძლება, ვიდრე ადრე..."
მისივე თქმით, მაგალითად, გალში ქართული ენის რუსულით ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის და ინფორმაცია ამის შესახებ დამახინჯებულად ვრცელდება.
„გალში 11 ე.წ. ქართული სკოლაა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. სიახლე ეხება ბილინგვურ სწავლებას. ანუ, ქართულ სკოლებში ქართულ ენასთან ერთად რუსული ენის სწავლების დაწყებას. ქართული ენის რუსულით ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის. თუ ვეყრდნობით იმას, თუ რას ამბობენ და აპირებენ, ამბობენ და აპირებენ სწორედ ამას - ქართულთან ერთად რუსული ენის სწავლებასაც.
რასაც და როგორც აპირებენ, ზოგადად სულაც არ არის მისასალმებელი, მაგრამ ისე არ არის, როგორც თქვენ წარმოაჩენთ ვითარებას. ანუ, გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ქართული ენა რჩება და ქართულთან ერთად რუსული ენა შემოაქვთ, ასეა განცხადებული დე ფაქტო ხელისუფლების მიერ.
თუკი ადამიანს ორი ენა ეცოდინება, ამაში უარესი რა არის?! ჩვენ სხვადასხვა რეგიონში გვაქვს ბილინგვური სწავლება, როდესაც ადამიანს ორ ენაზე ასწავლიან. სიტყვაზე, ინგლისური რომ შეიტანონ, უარესი იქნება? ჩვენ სკოლაში რომ ვასწავლით ქართულთან ერთად ინგლისურს და ფრანგულს, კარგია თუ ცუდი?! ანუ, ადამიანმა ორი ან სამი ენა იცის, ხომ კარგია?!
მე ვამბობ, ამას აპირებენ, მათი განცხადებით. ზოგადად, ენის პოლიტიკის შეცვლა ერთი და ორი წლის საქმე არაა. მაშინ, როცა გარშემო მხოლოდ ქართული ენაა და ქართული სახელმწიფოა, ხოლო რუსული ენის სპეციალისტები და რუსული კულტურა საკმაოდ შორსაა, პანიკასა და ისტერიკას თავი უნდა დავენებოთ და მშვიდად გავნაგრძოთ იმ საქმის კეთება, რაც აფხაზი და ქართველი ხალხის ინტერესებშია. აგერ, მოვა 23-ე სექტემბერი, რაც გალის რაიონი მოწყვეტილია საქართველოს და ვნახავთ, რომ რუსული ენა არ იქნება იქ დომინანტი.“ აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
წყარო „რეზონანსი“
მასალის გამოყენების პირობები






