სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები ჩილეში უვიზოდ მოგზაურობას მაისიდან შეძლებენ.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "საქართველოს მთავრობასა და ჩილეს მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების შესახებ" შეთანხმება ძალაში სწორედ მიმდინარე წლის 1 მაისიდან შევა.
შეგახსენებთ, შეთანხმებას 2013 წლის 17 სექტემბერს, სანტიაგოში ჩილეში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გელა სეხნიაშვილის (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესში) ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა "საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ" შეთანხმებაზე. მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი სანტიაგოში.
აღსანიშნავია, რომ ჩილეს მოქალაქეები 2013 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისთვის უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






