პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საბერძნეთის სასამართლოში კორუფციის არსებობაზე ეჭვებს გამოთქვამს.
მანანა კობახიძემ, საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, დათა ახალაიას საქართველოსთვის ექსტრადირებაზე უარის თაობაზე, ტელეკომპანია იმედის გადაცემა -„ იმედის კვირაში“ ისაუბრა.
ვიცე-სპიკერის განმარტებით, რთული სათქმელია რამდენად სამართლიანია საბერძნეთის მართლმსაჯულება და არის, თუ არა სასამართლო თავისუფალი კორუფციისგან.
“რა არგუმენტებით იხელმძღვანელეს გადაწყვეტილების მიღებისას, მე არ შემიძლია ვთქვა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საბერძნეთში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე... როდესაც ქართულმა სასამართლომ პირს მიუსაჯა უვადო პატიმრობა ძალიან მძიმე ნარკოტიკული დანაშაულისთვის... ეს იყო სააკაშვილის პერიოდში. საბერძნეთის სასამართლომ მაშინაც ამ ადამიანის მიმართ არავითარი ზომა არ მიიღო და არ განახორციელა ექსტრადირება. ვერ ვიტყვი რამდენად სამართლიანია საბერძნეთის მართლმსაჯულება, არის თუ არა თავისუფალი კორუფციისგან საბერძნეთის სასამართლო... მე შემიძლია ეჭვი მქონდეს, რომ შესაძლოა არც ეს სასამართლო არის კორუფციისგან თავისუფალი.... საქართველოს პროკურატურამ ყველაფერი წარუდგინა და არავითარი პრობლემა საქართველოს მხარეს არ აქვს...”- განაცხადა მანანა კობახიძემ, გადაცემა "იმედის კვირაში" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 24 აპრილს საბერძნეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პატრას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - დავით ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






