ყოფილმა პრემიერ-მინიტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 2030“-ში, არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეკა გიგაური ობიექტურ ანალიზს ვერ აკეთებს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით ეკა გიგაურის განცხადება, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება გადააბარეს, არასწორია, რადგან „ოცნებამ“ ხელისუფლება კი არ გადაიბარა, არამედ „ნაციონალური მოძრაობა“ აიძულა უსისხლოდ წასულიყო.
„2012 წლის არჩევნებს გიგაური წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და რაც მთავარია, 2013 წლის არჩევნებზე მეტ დარღვევებს მოიხსენიებს, ვიდრე 2012 წლის. 2012 წლის არჩევნების ორგანიზება მოახდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ამას არჩევნებს ვერ დავარქმევთ, ეს იყო ომი; და წინ გადადგმულ ბაბიჯად აფასებს, რომ ხელისუფლება გადააბარეს. კი არ გადააბარეს, ისეთი ორგანიზება გავაკეთეთ, რომ ვაიძულეთ, ხელის განძრევის გარეშე, უსისხლოდ წასულიყვნენ, თორემ სად წამსვლელი იყო სააკაშვილი. მთელი ევროპა და ამერიკა აწვებოდა, რომ როგორმე პოლიტიკიდან გაეყვანათ. ეს სააკაშვილის წინ გადადგმული ნაბიჯი კი არ იყო, ეს იყო ახალი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, აქვს ეჭვის საფუძველი, რომ გიგაურს რაღაც პირადული აქვს და ობიექტურ ანალიზს ვერ აკეთებს.
„2013 წელი, რომელიც იყო უპრეცედენტო, თურმე ეს უარესი იყო და უფრო მეტი დარღვევები ფიქსირდებოდა. არის ეს ტენდენციური? მაქვს ეჭვის საფუძველი, რომ რაღაც პირადული აქვს და ობიექტურად ვერ აკეთებს ანალიზს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა გიგაურის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მთავრობის ხარჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევებში ცდომილებებია და ინფორმაცია არასწორად იქნა მოწოდებული.
"აი, მის მიერ გამოქვეყნებული კვლევები. როდესაც ლარის დევალვაცია იყო და ხალხი შფოთავდა, მთავრობა აცხადებს, რომ ქამრებს შემოიჭერს. ამ დროს გიგაური აქვეყნებს – 2013-2014 წლებში სასტუმროებსა და რესტორნებში დახარჯული მთავრობის ხარჯები 20 მილიონი. შიგნით კიდევ ცდომილებებია. ამ დროს თუ გააანალიზებ ირკვევა, რომ ამ თანხებიდან ლომის წილი დახარჯულია შშმ ბავშვების მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე. სათაური კი ისეთი აქვს, სასტუმრო და რესტორნები, ქეიფობენ და გულაობენ. ამ დროს როგორ უხდება ასეთი სათაური"- აღნიშნა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






