პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე - ზურაბ ტყემალაძე, ლარის გაცვლითი კურსის თემასთან დაკავშრებით, კიდევ ერთ საკომიტეტო მოსმენის გამართვას აპირებს.
მოსმენა, მთავრობის საფინანსო-ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.
ზურაბ ტყემალაძის განმარტებით, სხდომის თარიღი შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკების და დაზუსტების შემდეგ გახდება ცნობილი. ტყემალაძის შეფასებით, მთავრობის მუშაობა მისთვის დამაკმაყოფილებელია.
"იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის შენობაში "იბიარდის" ღონისძიებები იგეგმება, ჯერ არ ვიცით, საკომიტეტო მოსმენას ამ ღონისძიებებამდე თუ მას შემდეგ გავმართავთ. ზოგადად, ეკონომიკური კუთხით ვითარება ნორმალურად მიმდინარეობს. რაც შეეხება ლარის კურსს, ამ მხრივ არსებული მდგომარეობა მხოლოდ შიდა პრობლემებით არ გამომდინარეობს. პრობლემა თავსმოხვეულია გარე ფაქტორების გათვალისწინებით. იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი კარგად იქნება", - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ საპარლამენტო უმცირესობების წარმომადგენლებს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის - პეტრე ცისკარიშვილის აზრით, მთავრობა მდგომარეობის გამოსასწორებლად ვერაფერს აკეთებს.
„მთავრობა სიტუაციის გამოსასწორებლად ვერაფერს აკეთებს, ამიტომ დაისახეს ერთადერთი მიზანი - შეამცირონ იმპორტი, რაც სამუშაო ადგილების კლებას და ეკონომიკის გაჩერებას გამოიწვევს, ამ შემთხვევაში ქვეყანა მთლიანად გაღარიბდება“ - პეტრე ცისკარიშვილი.
შეგახსნებთ, რომ 24 აპრილის მონაცემებით, დოლარის ოფიციალური ფასი 2.2844 ლარი იყო, დღეს კი ეროვნული ბანკი ახალ კურსს დაადგენს.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






