მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილი მიხეილ ხარძიანის გია უდესიანთან შეხვედრას კიდევ ერთხელ იხსენებს და ამბობს, რომ ვიდეოკადრებით, რაც იქ ნახა, შოკირებულია.
ამის შესახებ ხარძიანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
თუმცა დეტალურად, რა იყო ნაჩვენები კადრებში, მიხეილ ხარძიანი არ აკონკრეტებს.
როგორც გარდაცვლილი ბიზნესმენის შვილი ამბობს, უდესიანს კიევში შეხვდა.
„რამდენიმე დღის წინ შევხვდი გია უდესიანს, სადაც ხარძიანის ოჯახის წევრებზე ჩანაწერი ვნახე. ეს მის ოფისში გადაღებული ჩანაწერები და საუბრებია. ნაწილი საჯარო უკვე იყო, მაგრამ ეს მცირე ნაწილია. კამერები უდესიანის უსაფრთხოებისთვის იყო დამონტაჟებული. თუმცა ვერ დავაკონკრეტებ. ნეტავ არ მენახა... შემრცხვა ბესო ხარძიანის ოჯახის წევრების გამო. ამ კადრებში ესენი არიან ასახული. იქ არის საუბრები, თუმცა ქონებაზე არა. ეს ეხება ჩემს ოჯახს, მათ ოჯახს და არა მარტო ოჯახებს. ეს სირცხვილი გვარზეც კი გადადის“, - განაცხადა მიხეილ ხარძიანმა.
რაც შეეხება სვანურ სასამართლოზე ხარძიანის საქმის განხილვას, მიხეილ ხარძიანი ამბობს, რომ უდესიანი მის ხელთ არსებული ვიდეო-კადრების გამო ითხოვდა. ,,უდესიანი იმიტომ ითხოვდა სვანურ სასამართლოს რომ იმ ვიდეოში ისეთი რამეა ასახული, საჯაროდ რომ აიტვირთოს, ალბათ, მე თვითონ დავიხლი ტყვიას შუბლში, იმდენად სამარცხვინო რაღაცეებია“ - აცხადებს ხარძიანი.
შეგახსენებთ ბესიკ ხარძიანის პირველი ოჯახის წევრები მომხდარში ბიზნესმენის მეორე მეუღლეს ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, მკვლელობა სწორედ ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა.
მასალის გამოყენების პირობები






