„ნიუპოსტი“IDFI-ის კვლევას უცვლელად გთავაზობთ.
„ხელნაწერის ეროვნული ცენტრიდან სრულყოფილად მოწოდებული დოკუმენტაცია ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ უწყებაში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურება ყოვლად შეუსაბამოა საქართველოს საჯარო სექტორში არსებულ სახელფასო პოლიტიკასთან.
სსიპ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც შტატით გათვალისწინებულია 113 თანამშრომელი, მაქსიმალური თანამდებობრივი სარგო (დირექტორის ანაზღაურება) შეადგენს 490 ლარს (ხელზე 392 ლარი), ხოლო მინიმალური - 175 ლარს, საშუალო ხელფასი შეადგენს 300 ლარს.
IDFI-ის მონაცემებით სსიპ-ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს შორის. მაგალითისათვის, თუ ცენტრის სახელფასო ნუსხას შევადარებთ იგივე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურებასთან, აღმოვაჩენთ, რომ აღნიშნულ უწყებებში მინიმალური თანამდებობრივი სარგო 700 ლარიდან იწყება.
2014 წელს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სახელფასო დანამატის სახით სულ გაცემულია 88 876 ლარი. აღნიშნული თანხა გადანაწილებულია 46 თანამშრომელზე რაც ყოველთვიურად საშუალოდ 160 ლარს შეადგენს. ამავე დროს, 2014 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს (57 400 ლარი) და მის მოადგილეს ივანე მინდაძეს (34 994 ლარი) ერთად დაახლოებით იგივე თანხა აქვთ მიღებული პრემიისა თუ სახელფასო დანამატის სახით, რაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 113 თანამშრომელს ერთად აღებულს.
ის თუ რამდენად შეუსაბამოა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული შრომის ანაზღაურება საჯარო სექტორში არსებულ სახელფასო სტანდარტებთან შედარებით შესაძლებელია კონკრეტული სამუშაო პოზიციებზე არსებული ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების შედარებით სხვა საჯარო დაწესებულებებთან. მაგალითად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში მძღოლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ორჯერ აღემატება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობრივ სარგოს. იმავე დაწესებულებაში დასაქმებული დამლაგებელის, მეეზოვის, მებაღის თუ დამხმარე მუშის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები, დაახლოებით ორჯერ აღემატება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა თუ მეცნიერ თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოს.
IDFI მოუწოდებს ხელისუფლებას, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოიძიონ შესაბამისი სახსრები, რათა შეუქმნან ღირსეული პირობები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დასაქმებულ მეცნიერ-მუშაკებს, მითუმეტეს, რომ მსგავსი მხარდაჭერა და დაფასება საჯაროდ იქნა დაანონსებული ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მისი ცენტრში ვიზიტის განმავლობაში, 2014 წლის 15 აგვისტოს.“- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






