უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდას ეხმაურება და ამბობს, რომ არსებობს რეალობები, რომელსაც მოსახლეობამ თვალი უნდა გაუსწოროს.
ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რასაკვირველია, ტარიფის ზრდა მოსახლეობაზე აისახება. ეს მიზანშეწონილი არ არის, იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ მეტ პრობლემას შეუქმნის მათ, მაგრამ არსებობს ის რეალობები, რომლებსაც თვალი უნდა გავისწოროთ. სახელმწიფო რაღაც ალტერნატიულ მიმართულებებს უნდა გეგმავდეს, თუ მსგავსი პრობლემა მოსალოდნელია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, „ენერგო პრო ჯორჯიამ“ სემეკს ტარიფის კორექტირების თხოვნით უკვე მიმართა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური მათ 30%-ით გაუძვირდათ.
საბოლოო გადაწყვეტილება, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სემეკმა უნდა მიიღოს. ასევე მისი გადასაწყვეტია ტარიფის კორექტირება ფიზიკურ პირებს შეეხებათ თუ იურიდიულ პირებს.
მასალის გამოყენების პირობები






