ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის - ზურაბ ახალკაციშვილის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას, ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური ეხმიანება. მისი შეფასებით, ახალკაციშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამით არათუ კანონი დაარღვია, არამედ საკმაოდ საპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგა.
"მინდა გითხრათ, რომ კანონი ამას არ კრძალავს და ბატონ ზურაბს კანონი არ დაურღვევია. მოგეხსენებათ, რომ მომსახურების სააგენტოს, გარდა ინტერნეტაუქციონისა, აქვს ჩვეულებრივი მაღაზიები, სადაც შესაძლებელია, რომ ადამიანი მივიდეს და შეიძინოს. მე ერთს გეტყვით, რომ ის ავტომანქანა, რომელიც ბატონმა ზურაბმა შეიძინა, ჩვეულებრივი ვაჭრობის შედეგად გაიყიდა საბაზრო ფასად, 42 ბიჯი იყო დადებული, ანუ ეს არ ყოფილა ჩაკეტილი აუქციონი და ა.შ. კანონი არ დარღვეულა, მეტიც ბატონმა ზურაბმა, ჩემი აზრით, მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, მორალური პასუხისმგებლობა აიღო და მან დატოვა თანამდებობა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი ზურაბ ახალკაციშილი თანამდებობიდან გადადგა, რის მიზეზადაც მედიით გავრცელებული შესაძლო კანონდარღვევები დაასახელა.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






