23 აპრილს პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრ ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ბელორუს კოლეგას დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები წარუდგინა.
თავის მხრივ, ალექსანდრ ლუკაშენკომ გიორგი მარგველაშვილს ბელორუსიის სახელმწიფო დელეგაციის წევრები გააცნო. ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოსა და ბელორუსიის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.
ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დელეგაციებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება. პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. 24 აპრილს საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტები ბათუმს ეწვევიან.
ალექსანდრ ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 24 აპრილს დატოვებს. ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში გიორგი მარგველაშვილმა გასულ წელს მოიწვია; სახელმწიფო ვიზიტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები






