2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში მომუშავე პირები ან მათი ოჯახის წევრები საჯარო სამსახურის წამყვან თანამდებობებზე დაინიშნენ ან აირჩნენ. ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
„თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონაცემთა ბაზის თანახმად, სულ მცირე 38 თანამდებობის პირი წარსულში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიაში, მათ შორის 6 პოლიტიკური თანამდებობის პირია. ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ ეს ადამიანები უკანონოდ დაინიშნენ ან აირჩნენ თანამდებობებზე, თუმცა ყოფილ პრემიერმინისტრთან დაკავშირებული კომპანიების თანამშრომელთა წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე გადანაცვლება საჯარო სამსახურში ეჭვქვეშ აყენებს საჯარო მოხელეთა შერჩევის მერიტოკრატიულ პრინციპს და კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს ხელისუფლებაზე ივანიშვილის არაფორმალური გავლენის შესახებ.
გარდა 38 თანამდებობის პირისა, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში, 14 თანამდებობის პირის შემთხვევაში ამ კომპანიებში მათი ოჯახის წევრები იყვნენ დასაქმებულნი. ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში სხვადასხვა პოზიციაზე და განსხვავებული გამოცდილების მქონე პირები პრაქტიკულად ხელისუფლების ყველა შტოს წამყვან რგოლში დასაქმდნენ. მაგალითად,
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარე, შპს „ქართული ოცნების“ დირექტორი და სს ბანკი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო;
ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც, როგორც გუშინ, 21 აპრილს გახდა ცნობილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უხელმძღვანელებს, ბანკი ქართუს და ქართუ ჯგუფის გენერალური დირექტორი იყო;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სს ბანკი „ქართუს“ გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა,
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა აბრამიშვილი შპს „ელიტა ბურჯის” მძღოლი იყო;
საჩხერის უკვე ყოფილი გამგებელი ივანე გოშაძე კი ასოციაცია „ატუში“ ოსტატის პოზიციას იკავებდა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეკრიბა ინფორმაცია ქონებრივი დეკლარაციებიდან იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ შემდეგ კომპანიებსა და ორგანიზაციებში იყვნენ დასაქმებულები:
‘სს ქართუ ჯგუფი – სს ბანკი ქართუს 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის ბენეფიციარი მფლობელიც ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილია;
ბანკი ქართუ – ბანკის 100%-იან წილს უტა ივანიშვილი ფლობს;
შპს ელიტა ბურჯი – ივანიშვილთან ასოცირებული სამშენებლო კომპანია, რომლის მფლობელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული;
შპს ბურჯი – ივანიშვილთან ასოცირებული კომპანია, რომლის მფლობელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული. კომპანია რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც ბანკი ქართუს ცენტრალური ოფისი მდებარეობს;
აიპ ასოციაცია ატუ – რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც ბანკი ქართუს ცენტრალური ოფისი;
საქველმოქმედო ფონდი ქართუ – ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი; მდებარეობს იმავე მისამართზე, სადაც ბანკი ქართუს ცენტრალური ოფისი;
შპს აგრო ქართუ – რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც ბანკი ქართუს ცენტრალური ოფისი; მფლობელი ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული;
ტელეკომპანია მეცხრე არხი – ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მფლობელობაში არსებული ტელეკომპანია;
სს გლობალ კონტაქტ კონსალტინგი – სატელიტური კომპანია, რომლის მეწილეებს შორის (1,23%) ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილია“, - ნათქვამია „გამჭირვალობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






