დედაქალაქის მთავრობამ დღეს ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი მიიღო. ცვლილებების მიხედვით, თბილისის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით იზრდება. გაზრდილი ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ფონდ „ქართუს“ მიერ გრანტის სახით გამოიყო. 6 მილიონი ლარი კი დინამო სტადიონის რეაბილიტაციას მოხმარდება.
10 მილიონიანი გრანტის ფარგლებში დედაქალაქის მერია სხვადასხვა სპორტულ ობიექტებთან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს. შეიძენს პროექტებსა და საექსპერტო მომსახურებას, ასევე, პროექტების განხორციელების მომსახურებას.
გამოყოფილი გრანტის ფარგლებში მოხდება სპორტული ობიექტების - მ. კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის, შ. ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის, მ. კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის, ააიპ "ჩოგბურთის განვითარების" ელექტროენერგიის სიმძლავრეების გაზრდა. პროექტის განხორციელების სავარაუდო თანხა 340 000 ლარს შეადგენს.
ასევე განხორციელდება ბელიაშვილის ქუჩიდან ძიუდოს ფედერაციის ცენტრალური შესასვლელის კეთილმოწყობა და შიდა ეზოში ორგანული ნარჩენისაგან ნიადაგის საფარის დაგება. პროექტის განსახორციელებლად განსაზღვრულია 30 000 ლარი. 96 329 ლარია გათვლილი შ. ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის ეზოს შესასვლელამდე ასფალტის საფარის დასაგებად. მ. კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის უკანა შესასვლელთან ასფალტის საფარის დაგებისათვის განსაზღვრულია 7 341 ლარი. გრანტის ფარგლებში მოხდება თბილისის ზღვის გარშემო გზის ასფალტის საფარის კაპიტალური შეკეთება, რომლის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისთვის 75 000 ლარი, პროექტის განხორციელებლად კი 5 304 879 ლარია განასზღვრული.
ოლიმპიური ფესტივალისთვის განხორციელდება მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონის გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია. მოწესრიგდება გზის საფარი და ავტოსადგომი, რისთვისაც 1 150 000 ლარია განსაზღვრული. 14 000 ლარამდე დაიხარჯება მიხელ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის გაზმომარაგების გარე ქსელის მოწყობისათვის. განხორციელდება ჩოგბურთის კორტებთან გაზმომარაგების, საკანალიზაციო და გარე ქსელის მოწყობა, რომლისთვისაც 39 500 ლარია განსაზღვრული
მასალის გამოყენების პირობები






