ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, საქართველო - ბელორუსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ამ ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს ბიუროკრატია, რაც ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ინტერესს იწვევს.
„ჩვენ ვცდილობთ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველო ინვესტიციების კუთხით, რაც ახალი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. საქართველო მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსით. ჩვენ დაახლოებით 17-20 პროცენტი გვაქვს ათვისებული და ამ მიმართულებით მთავრობა ყველაფერს აკეთებს. საქართველოში ბევრი ინვესტიცია შემოდის უცხოეთიდან და ენერგეტიკა ამ მიმართულებით მოწოდების სიმაღლეზე დგას. ბელორუსი, იმედია, დაინტერესდება ინვესტირებით, რადგან საქართველოში მიმზიდველი ბიზნესგარემო გვაქვს. ფაქტიურად არ არსებობს ბიუროკრატია და ამიტომაა ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების" - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ბელორუსის ბიზნესფორუმი სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ იმართება, რომლის მთავარი მიზანი ორი ქვეყნის დაახლოება და არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






