შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს შეეხო. თბილისის მერმა სტუმრებს ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
„ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც 12 ქვეყნის დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან და წევრებთან ვისაუბრეთ საქართველოში, კერძოდ კი თბილისში არსებულ ბიზნესგარემოზე. განვიხილეთ, რა პროექტები და პროგრამები შეგვიძლია შევთავაზოთ ბიზნეს სექტორს, რომლებიც შეიძლება საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდეს. ვისაუბრეთ რეფორმებზე, რაც ქალაქში გვაქვს დაგეგმილი, კონკრეტულად, ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ კავშირშია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასთან“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
12 ქვეყნის დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელები თბილისში ორი დღეა იმყოფებიან. ისინი დამსაქმებელთა საერთაშორისო ასოციაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრნენ, რომელიც თბილისში 20-21 აპრილს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






