„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატს მოუწოდებს დააკონკრეტოს, რას გულისხმობს შავ პიარში.
ამის შესახებ კილაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში ჯანყარაშვილის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტი ურჩევს გაბუნიას აიმაღლოს სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაცია, რადგან კილაძის თქმით, უახლოეს პერიოდში ზვიად ჯანყარაშვილს ადვოკატის მომსახურება დასჭირდება.
„მე მას მოვუწოდებ დააკონკრეტოს რა არის შავი პიარი. მე გამოქვეყნე საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც ჩანს, რომ ჯანყარაშვილის ბიზნესპარტნიორები დაინიშნენ სხვადასხვა თანამდებობებზე. ეს არის ოფიციალური დოკუმენტები და თუ ამაზე მომთხოვს პასუხს, მაინტერესებს როგორი იქნება პასუხის მოთხოვნის მექანიზმი. ველოდები მომთხოვოს პასუხი. ვურჩევ მას სისხლის სამართლის კვალიფიცკაცია აიმაღლოს, რადგან ჯანყარაშვილს მალე დასჭირდება მისი მომსახურება. როგორც ვიცი, პროკურატურაში ბერძენი ბიზნესმენის გატაცებასა და წილების გაფორმებაზე გამოძიება უკვე დაწყებულია. იმედი მაქვს, რომ ბატონ გაბუნიას ჰყოფნის კვალიფიკაცია და იცის, რომ მას არ აქვს უფლება გაზეთის რედაქტორს მოსთხოვოს კონკრეტული ფაქტების წარმოდგენა. მან უნდა მიმართოს ან მთავარ პროკურატურას ან სასამართლოს“, - ამბობს კილაძე.
შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ არა ერთი სიბინძურე და ცრუ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა, რაზეც მოხდა რეაგირება და შემდგომში ეს შეუქცევად ხასიათს მიიღებს. გაბუნია რამდენიმე პირს ასახლებს, ვინც მისი თქმით, ჯანყარაშვილს წინააღმდეგ შავ პიარს აწარმოებს. მათ შორის არიან ელისო კილაძე, ირაკლი კორძაია, ბიზნესმენი ვახტანგ გოძიაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი.
მასალის გამოყენების პირობები






