საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოხატავს 2015 წლის 19 აპრილს ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში“ მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომლებიც სავარაუდოდ ასახავენ ლიბიაში ეთიოპიელი ქრისტიანების მკვლელობას და მიზნად ისახავენ შიშისა და ტერორის დანერგვას, ისევე როგორც რელიგიური შუღლის გაღვივებას.
საგარეო უწყების თქმით, საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, მათ შორის ჩადენილს ეთნიკური და რელიგიური მოტივით.
"მივიჩნევთ, რომ ზემოაღნიშნული ტერორისტული აქტი და „ISIL”-ის სხვა ქმედებები წარმოადგენს უდიდეს დანაშაულს მთელი კაცობრიობის წინაშე.
ქართული მხარე შეშფოთებას გამოხატავს უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში ტერორისტული საფრთხის ზრდის გამო და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მეტად გააქტიურებს ძალისხმევას არსებული გამოწვევების დასაძლევად. მათ შორის, უმნიშვნელოვანესია დაჩქარდეს ლიბიის სახელმწიფოში მიმდინარე კონფლიქტის პოლიტიკური გადაჭრა, რათა ლიბიამ შეძლოს კონცენტრირშეშფოთებასება ტერორიზმის საფრთხეზე და მოახდინოს მის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების განეიტრალება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და მათ მთავრობებს."- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






