პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინა და საქართველო ძალიან მალე ერთად გახდებიან მშვიდობიანი ევროპის ნაწილი.
ამის შესახებ უსუფაშვილმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.
"საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში დაიწყო იმ ადგილების მონახულებით, სადაც ბოლო ხანებში განვითარდა ის ტრაგიკული მოვლენები, რომელსაც მრავალი ადამიანი შეეწირა. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ საქართველოს და ქართველების თანადგომა უკრაინელი ხალხის და უკრაინისადმი. პატივი მივაგეთ გარდაცვლილი გმირების ხსოვნას. სამწუხაროდ, ამ დღეებში, როდესაც ჩვენ უკვე უკრაინისკენ მოვემგზავრებოდით, კიდევ ერთი ქართველი შეეწირა აქ საომარ მოქმედებებს - გიორგი ჯანელიძე. მინდა იმედი მქონდეს, რომ აღარ გაგრძელდება მსხვერპლი. ჩვენი ვიზიტის მიზანია გავაგრძელოთ ის ძალიან მეგობრული და სათანამშრომლო ურთიერთობა, რაც გვაქვს ჩვენს კოლეგებთან. გვექნება შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასე, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა და საქართველო ძალიან მალე ერთად გახდებიან მშვიდობიანი ევროპის ნაწილი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






