ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის თემის გამგებელი, ზაზა წულაძე, დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, თუმცა, განთავისუფლების მიზეზებზე ლანჩხუთის გამგეობაში არ საუბრობენ:
"მე პირადი განცახდების საფუძველზე დავტოვე ეს თანამდებობა. გადავდივარ სხვა სფეროში და შეიძლება ეს კერძო საქმიანობა იყოს. სხვა მოტივი არაფერია და არ მინდა ამაზე საუბარი“ - უთხრა „ნიუპოსტს" ზაზა წულაძემ.
აღსანიშნავია, რომ ნიგოითის თემში გამგებლის წარმომადგენელმა, ზაზა წულაძემ, მას შემდეგ გადაწყვიტა "კერძო საქმიანობაში გადასვლა", რაც ამ თემში არსებულ - იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საზოგადოებრივ ცენტრს, გასული კვირის პარასკევს, იუსტიციის მინისტრი-თეა წულუკიანი სტუმრობდა. წულუკიანის სტუმრობიდან რამდენიმე საათში-თემის გამგებელს შეატყობინეს, რომ მან განცხადება უნდა დაწეროს და გადადგეს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წულუკიანის აღშფოთება იმ სიტუაციამ გამოიწვია, რაც მას წინა ხელისუფლების დროს აშენებულ, კომფორტაბელურ საზოგადოებრივ ცენტრში დახვდა-სადაც, პარალელურად გამგებლის წარმომადგენლობაცაა განთავსებული.
მინისტრს, მოულოდნელად სტუმრობისას (წულუკიანი ამ დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებს სტუმრობდა და ნიგოითში გზად შეიარა), ცენტრში მას სააბაზანო ხალათში გამოწყობილი ერთი თანამშრომელი დახვდა, ისიც კომპიუტერში "კარტს" თამაშობდა, იქვე კი რამდენიმე აშლილი საწოლი და ლეიბები ეყარა.
აღშფოთებულმა მინისტრმა მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ურუშაძე იხმო და ადგილზე "მიჯირყვნა", ამ პროცედურის შემდეგ კი თემის ხელმძღვანელის გადაყენება უბრძანა - რაც მუნიციპალიტეტის გამგებელმა უმალვე შეასრულა.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






