მისივე განმარტებით, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ადეიშვილისა და „ძველი თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის ქავთარაძის შემთხვევაში, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ინტერპოლის კომპეტენციების აღრევა მოხდა.
„ინტერპოლის ახალი პოლიტიკის თანახმად, ლტოლვილის სტატუსის მქონე პიროვნების მიმართ არ შეიძლება წითელი ცირკულარი განხორციელდეს. ამ ახალი პოლიტიკის საფუძველზე, რომელიც 2015 წლის 18 თებერვლიდან ამოქმედდა, ინტერპოლმა ცალმხრივად - ისე, რომ ამის შესახებ პროკურატურისთვის არ შეუტყობინებია, ეს გადაწყვეტილება გამოგვიგზავნა და ზურაბ ადეიშვილსა და სერგო ქავთარაძეს წითელი ცირკულარით ძებნა მოუხსნა“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
შოთაძის თქმით, ზურაბ ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი 2013 წლის 8 თებერვალს აქვს მიღებული, თუმცა სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყანა პროკურატურისთვის უცნობია.
„აღნიშნული ქვეყნის დასადგენად პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ბიუროს მიმართა, რათა გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის მიმნიჭებელ ქვეყანასთან გავასაჩივროთ“, - აღნიშნა მთავარი პროკურორის მოადგილემ.
მისივე ინფორმაციით, მსგავსი პროცედურები განახორციელა სხვა ქვეყნის ძებნილი მოქალაქეების მიმართ, რომელთაც ლტოლვილის სტატუსი ჰქონდათ.
მასალის გამოყენების პირობები






