შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კახა ნაკანის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს გამოეხმაურა. მერაბიშვილმა მიმართა სპეცრაზმელების ყოფილ მეთაურს, რომ „შიზოფრენიკ ივანიშვილს“ ნუ გაახარებს.
"მივმართავ ნაკანს, რომ ნუ გაახარებს შიზოფრენიკ ივანიშვილს, რომელსაც თავის ფსიქოანალიზის წიგნში ერთი თავი აქვს დაწერილი, თუ როგორ უნდა მიიყვანოს ადამიანი თვითმკვლელობამდე. აქ წერია, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ნაკანმა ვენები. ბევრი თავი ექნება წიგნში, თუმცა მერაბიშვილის და უგულავას შესახებ არა, რადგან აქ წარუმატებელია. დღემდე ივანიშვილი თვლიდა, რომ ადეიშვილი ყველაზე ჭკვიანი იყო, მაგრამ ეს თავი ალბათ გადახაზა. ის გამწარებულია. სირცხვილია განცხადებები იმის შესახებ, რომ ადეიშვილის ძებნილთა სიიდან მოხსნა ლტოლვილის სტატუსის გამო მოხდა. კიდევ რამდენიმე კრუნჩხვა ელის ხელისუფლებას. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ქვეყანა ამ ტლუ ადამიანს ეწირება“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ სხდომა მიმდინარეობს. სხდომა მერაბიშვილმა და უგულავამ ცოტა ხნის წინ დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






