გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც იური ვაზაგაშვილის საქმეში დევს გაყალბებულია.
ამის შესახებ ჯოგლიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, შეცდომა დასკვნის იმ ნაწილშია დაშვებული, სადაც ნათქვამია რომ აფეთქება რუსული წარმოების F1 ტიპის ხელყუმბარით მოხდა. მისი თქმით, შეცდომას ხელყუმბარაზე არსებული ინგლისური წარწერა ადასტურებს.
ჯოგლიძე ვრ აკონკრეტებს შეცდომა ექსპერტებმა შეგნებულად დაუშვეს თუ გაეპარათ.
„F1 ტიპის ხელყუმბარა გამოიყენება მოწინააღმდეგის გასანადურებლად. მასში მოთავსებულია 60 გრამამდე ტროტილი. ის 50 კვადრატულ მეტრში ანადგურებს ყველას და შესაძლებელია 200 კვადრატულ მეტრშიც კი სავალალო შედეგი გამოიწვიოს. აღნიშნული ხელყუმბარა იშლება 300 ნაწილად. არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც საქმის მასალებში დევს და სადაც წერია, რომ აფეთქება მოხდა რუსული წარმოების F1 ტიპის ხელყუმბარით. ეს დასკვნაში წერია და ამას ვერ შეცვლიან. მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენი ექსპერტები შეცდომებს უშვებენ. წესით, რუსული წარმოების F1 ტიპის ხელყუმბარა რუსული ასოებით არის ფალიაზე მითითებული. დღეს ამოღებულ ფალიაზე კი წარწერა ინგლისური ასოებით არის - UZRGM. ეს არის ან ჩეხური წარმოების ან ისრაელის წარმოების ხელყუმბარა, რომელიც არის სასწავლო. ის სააკაშვილის მთავრობის პერიოდშია ჩამოტანილი. აქედან გამომდინარე ხელყუმბარის ფალიიით, რაც მათ გააჩნიათ ესეთი შედეგი ვერანაირად ვერ დადგებოდა. შედეგი გაცილებით სავალალო უნდა ყოფილიყო, თუ მართლა F1 ტიპის ხელყუმბარით მოხდა აფეთქება. მე დავუსვამ ალთუნაშვილს კითხვას, თუ შენ მომიტან რუსული წარმოების F1 ტიპის ხელყუმბარას ინგლისური წარწერებით, მე საერთოდ მენახირედ წავალთქო. ეს არარსებულია. აქედან გამომდინარე, ეს არის ფალსიფიკაცია, რომელიც დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იყოს ცნობილი, ასევე დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი მასზე არსებული დნმ-ის კვალიც. ეს არის ყალბი“, - ამბობს ჯოგლიძე.
შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად 20 იანვარს გარდაიცვალა. საქმეზე დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი გია სოსანაშვილი. ფაქტზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






