უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე IDFI -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც 2010-2015 წლებში ინტერპოლით ძებნის გამოცხადებასა და ექსტრადირებაზე პროკურატურის სტატისტიკას ეხება.
მისი თქმით, შესაძლოა ექსტრადიციის სტატისტიკის შემცირება უკავშირდებოდეს იმას, რომ პროკურატურა საკუთარ მოთხოვნებს კარგად ვერ ასაბუთებს.
„შედარება ტენდენციური არ უნდა იყოს. უნდა შევეცადოთ, რომ ობიექტური შედარება გავაკეთოთ. რაც შეეხება მიზეზს, ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მართლაც კარგად არ არის დააბუთებული ექსტრადირების მოთხოვა და ამის მიზეზი არასათანადო კვალიფიკაციააა“, - განაცხადა ხმალაძემ.
IDFI ინტერპოლით ძებნის გამოცხადებასა და ექსტრადირებაზე პროკურატურის სტატისტიკა გუშინ გამოაქვეყნა.
მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა 2010-2015 წლებში საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თხოვნით მიმართა სულ 131 განცხადებით, რომელთაგან 121 დაკმაყოფილდა. 2011 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილი 28 მოთხოვნიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ არ დაკმაყოფილდა 8. 2014 წელს 15 მოთხოვნიდან 2 არ დაკმაყოფილდა, რომელთაგან როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ არის განმარტებული ერთი იმყოფება განხილვის პროცესში. სხვა წლებში საქართველოს პროკურატურის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
მასალის გამოყენების პირობები






