საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრი, ირაკლი მამალაძე ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატს შანტაჟში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნაყოფია წილების დასაბრუნებლად კომიტეტის სახელს ირიბად იყენებს.
როგორც მამალაძემ გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომელიც საყდრისთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებს ეხება, კომიტეტის წევრებისთვის ცნობილია, რომ ნაყოფია "RMG ჯგუფს" აშანტაჟებდა და ირწმუნებოდა თითქოს მათი გაჩერება შეეძლო.
სტატიის, - "კობა ნაყოფია "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საბოტაჟს გეგმავს!!" - ავტორი საყდრისთან დაკავშირებით ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ბოლო ინტერვიუს იხსენებს და აღნიშნავს, რომ დეპუტატი ჩამორთემეულ თუ გაყიდულ აქციებს მისტირის და კომპანიის ახალ მენჯმენტს აღებული ვალდებულებების შესრულებას სთხოვს. გაზეთ "ალიას" სტატიაში ასევე საყდრისის მცველებისა და კობა ნაყოფიას ურთიერთობებზეა საუბარი. ბოლნისის მაჟორიტართან კავშირზე და მის ბოლო განცხადებებზე საყდრისის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე საუბრობს.
"ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ჩახტა ნაყოფია საყდრისთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში. ეს სრულიად უადგილო განცხადება იყო, რომელმაც ზიანი მოგვაყენა ჩვენ. ჩვენ ვიცავთ კულტურულ მემეკვიდრეობას, ხოლო ნაყოფია გამოდის ამ ფონზე და დაკარგულ წილებზე და რაღაცის დაბრუნებაზე ლაპარაკობს. გაუგებარია, რატომ მოხდა ამ ორი თემის ერთად წარმოჩენა, ფაქტია, რომ ის მოემზადა ამ კომენტარისთვის და ეს რაღაცნაირად ერთად შეიფუთა", - განაცხადა "ალიასთან" საუბრისას მამალაძემ.
როგორც მამალაძე აღნიშნავს, კობა ნაყოფია საყდრისის კომიტეტის წევრებს თავად დაუკავშირდა და საბადოსთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციები გაანდო.
"გვქონდა რამდენიმე შეხვედრა და სატელეფონო საუბრებშიც ჩვენ გვეუნებოდა, რომ კომპანიიდან წამოსული იყო და მას არანაირი წილები და კავშირი საყდრისის ბორცვთან არ ჰქონდა. ახლა კიდევ საუბრობს რაღაც ვალდებულებებზე. ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ ნაყოფია ორმაგ თამაშს თამაშობდა. კერძოდ ის, რომ კობა ნაყოფია ჩვენთან შეხვედრებს იყენებდა და კომპანიის ახალ მენეჯმენტს არწმუნებდა, რომ თითქოს მას შეეძლო ჩვენი კონტროლი, მეორეს მხრივ კი ჩვენ გვარწმუნებდა, თითქოს მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა კომპანიასთან. იმედი მაქვს, გაემიჯნებიან მის განცხდებებს და გაჩუმებენ ამ კაცს სამუდამოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავემიჯნებით ყველა პარტიას და იმ ადამიანებს, ვინც საყდრისის თემას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ეს საყდრისის კომიტეტის მტკიცე პოზიციაა", - განაცხადა მამალაძემ.
საყდრისის კომიტეტის წევრი არ უარყოფს, რომ კობა ნაყოფიასთან დაკავშირებით წევრებს შორის დაპირისპირება და უთანხოება იყო და აღიარებს, რომ ბოლნისის მაჟორიტართან შეხვედრა შეცდომა იყო.
"ეს შეხვედრა რა თქმა უნდა, შეცდომა იყო და ვაღიარებ, მაგრამ ეს კაცი თავად იყო მოწადინებული და რაღცნაირად დამნაშავედ გრძნობდა თავს. იცით, თითქოს ცდილობდა თავისი დანაშული გამოესყიდა, აი, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, როცა მას შევხვდი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ დღეს ის უკვე წილების დაბრუნებას და ვალდებულების შესრულბას სთხოვს კომპანიას და ჩვენს სახელს იყენებს ირიბად. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი. არ დავუშვებთ, რომ ვინემემ ბრმა იარაღად გამოგვიყენოს", - განუცხადა "ალიას" მამალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






