საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები დანიის, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ. შეხვედრა „თბილისი მერიოტში“ გაიმართა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის - გიგა ბოკერიას განმარტებით, მეგობარ სახელმწიფოებს ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემები აწუხებთ.
„ეს ქვეყნები და კერძოდ, ეს მინისტრები საქართველოს ევროატლანტიკურ წიაღში დაბრუნების, ასევე ქვეყანაში თავისუფლების და დემოკრატიის განმტკიცების ძალიან დიდი ხნის მხარდამჭერები არიან. სწორედ ამ ორ ძირითად მიმართულებაზე იყო საუბარი. ისინი აღნიშულთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენ მათ მივაწოდეთ ჩვენი ხედვა იმ მთავარი გამოწვევების შესახებ, რომელიც აქვს საქართველოს გარედან, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, აგრესორის სახით და საქართველოს შიგნით – ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგად. ეს ორი პრობლემა კომბინაციაში ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მუშაობას. რა თქმა უნდა, პრობლემაა ის ეროზია, რომელსაც ვხედავთ პროდასავლური კურსის მიმართულებით, ასევე რეალური დამძიმებაა ქვეყნის შიგნით ეკონომიკური მდგომარეობის, ადამიანის უფლებების დაცვის და პოლიტიკური დევნის კუთხით. ეს არის ის პრობლემები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და რომელიც საქართველოს მეგობრებს აწუხებთ - დანია, პოლონეთი და შვედეთი კი, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან" - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






