დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„თბილისი მარიოტში“ გამართული შეხვედრის შემდეგ, არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საუბარი არა მხოლოდ საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერას, არამედ პრორუსული ჯგუფების გააქტიურებასაც შეეხო.
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას განმარტებით, მათ ისაუბრეს ხელისუფლების მეტად გააქტიურებაზე ევროინტეგრაციის საკითხში.
"ჩვენ ვიყავით კრიტიკული იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა. ვფიქრობ, ხელისუფლება უფრო მეტად უნდა საუბრობდეს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე და იმ სარგებელზე, რასაც ქვეყანას ევროპული პოლიტიკა მოუტანს. მე ვისაუბრე პრორუსულ ჯგუფებზე, რომელთა დაკავშირებითაც ხელისუფლებას კითხვები არ გააჩნია, თუმცა კითხვები აქვთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ არ ხდება დაგმობა იმ განცხადებების, რომლებიც თუნდაც კოალიციის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება და შეიცავს რუსულ პროპაგანდას. ჩვენი აზრით, ხელისუფლებამ უფრო მეტად უნდა ისაუბროს იმ სარგებელზე, რასაც ქვეყანას ევროპული კურსი მოუტანს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






