„ნიუპოსტის“ მიერ მოპოვებული და გადამოწმებული ინფორმაციით, დღეს დილით დე-ფაქტო აფხაზეთის განათლების მინისტრმა ადგურ კაკობამ, გალის აფხაზეთის ადმინისტრაციაში დაბარებულ ქართული სკოლების პედაგოგებს კატეგორიულად მოსთხოვა, სასწრაფოდ შეცვალონ ისტორიის სახელძღვანელოები. პედაგოგებმა მიიღეს საგანგებო მითითება, რომ იხელმძღვანელონ ისტორიის იმ წიგნებით, რომელიც რუსეთშია დაიბეჭდილი და აფხაზეთის სკოლებში უკვე დარიგებულია.
"ნიუპოსტი" აფხაზეთის მთვარობის წარმომადგენელს ჯემალ გოგოხიასაც ესაუბრა.
გოგოხიას თქმით, გალის რაიონში ქართული ენის სწავლების შეზღუდვის მცედელობა ბოლო წლების განმავლობაში აქტუალური რამდენჯერმე გახდა, მაგრამ ქართულმა მოსახლეობამ უკიდურესი ძალისხმევით შეძლო ქართული ენის შენარჩუნება. გოგოხიას თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მოსალოდნელი პროტესტის გამო, ამ საკითხთან დაკავშირებით რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ერიდებოდა, რადგან არსებობდა დიდი ალბათობა, იმისა, რომ ქართული მოსახლეობის პროტესტისთვის სოლიდარობა აფხაზურ მოსახლეობასაც გამოეცხადებინა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონში ქართულენოვანი სკოლებში ქართული ენის და ისტორიის სწავლების შეზღუდვას, ამავდროულად კი რუსულ-აფხაზური ენების გაძლიერებული სწავლების დანერგვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების განათლების მინისტრმა გალის რაიონის სოფლებში მდებარე სკოლებს დირექტორებს გააცნო. ცვლილების მიხედვით, ქართული ენის სწავლებას მხოლოდ ერთი საათი დაეთმობა, ისტორიის სწავლება კი მხოლოდ მოსკოვში დაწერილი წიგნით იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართული ენის სწავლების შეზღუდვა რამდენჯერმე სცადა, მაგრამ მათ სასარგებლოდ გადაწყვეტას ხელს ყოველთვის გალის რაიონის მოსახლეობის აქტიური პროტესტი უშლიდა. დღესდღეობით საკითხი კვლავ ღიაა და უცნობია, რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელსიუფლება ამ ცვლილებების გასატარებლად.
მასალის გამოყენების პირობები






