,,ძვირფასო მეგობრებო,
ხვალ, 14 აპრილს 16.00 საათზე დედაენის ძეგლთან ვიკრიბებით აფხაზეთისა და შიდა ქართლისათვის, ვიკრიბებით ჩვენი 35-ათასი გალელი თანამემამულის სოლიდარობისათვის, ქართული ენის დასაცავად.
მძვინვარე კომუნისტურ ეპოქაში, 1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ერმა სიმამაცის, ერთიანობის, სამშობლოსათვის თავგანწირვის ბრწყინვალე ფურცელი ჩაწერა. ქართველების მაშინდელმა თაობამ კარგად უწყოდა თუ რა შედეგებით შეიძლებოდა დამთავრებულიყო კომუნისტური იმპერიის მასობრივი ურჩობა. თუმცა არავინ შეშინებულა, უკან არავის დაუხევია, მძლავრი საპროტესტო დემონსტრაციით დაიცვა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი და საკუთარი ეროვნული იდენტობა.
საბჭოთა იმპერია ამას არ მოელოდა. არ გასჭრა არც მისი ადგილობრივი მრავალრიცხოვანი ლაქიების მუშაკობამ-როგორმე ჩაეშალათ ეს აქცია. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ყველა საშულებით მთელს საქართველოს აშინებდნენ 1956 წლის 9 მარტის სისხლიანი მოვლენებით, ხალხმა ყური არ ათხოვა ადგილობრივ საბჭოთა ბელადებს, მტკიცედ უთხრა უარი ერის დამცირებასა და აბუჩად აგდებას. ქართველთა ერთსულოვნებამ მაშინ იმპერიის მესვეურთ ხელი ააღებინა ქართული ენის სტატუსის გაუქმებაზე. ერმა გაიმარჯვა. ჩვენ ვამაყობთ ამ თარიღით და ასე იზამს ყველა მომავალი თაობა.
დღეს, იმ იმპერიის შთამომავალი-რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მორიგ სადამსჯელო ღონისძიებას ატარებს, აფხაზეთში აპირებს ქართული ენის სრულად ამოძირკვას. დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი დიდად არ განსხვავდება საქართველოს იმდროინდელი კომუნისტური ხელმძღვანელობის პოზიციისაგან. ოკუპანტისადმი მაამებლობითა და ლაქუცით გართული, დუმს და არაფერს აკეთებს ქვეყნისა და ერის სასიცოცხლო ინტერესებისათვის.
რასაც არ აკეთებს ხელისუფლება, ის უნდა გააკეთოს ხალხმა. მტრის ყველაზე დიდი მოკავშირე ამ შემთხვევაში ჩვენი დუმილი, დაქსაქსულობა და გულგრილობაა. ის ამას ყურადღებით აკვირდება და ყველაფერს ითვალისწინებს.
ჩვენი აქცია არის ზეორგანიზაციული და ზეპარტიული. ეს ქვეყნის პატრიოტთა აქციაა ჩვენი ენის, ღირსების დამცირებისა და დაკნინების წინააღმდეგ. დედა ენის დასაცავად ხმის ამაღლება ყველა ჩვენთაგანის ვალია. ვუჩვენოთ მტერსა თუ მოყვარეს ჩვენი ერთიანობა და ერთსულოვნება ისევე, როგორც ეს მოხდა 37 წლის წინ და მტერი აუცილებლად უკან დაიხევს.
ქრისტე აღსდგა! გაისად სოხუმში!“ - ნათქვამია მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






