„ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო საქმეთა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში წინ წასვლის და ხარვეზების გამოსწორების ნაცვლად მოსალოდნელია, რომ სასამართლო სფეროშიც გავრცელდეს კორუფცია და განუკითხაობა. ბოკერიას თქმით ის ჯერჯერობით არ გაცნობია სტატიას, სადაც შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი რეგიონებში სამართალწარმოებისას შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.
"მე შვეიცარიის ელჩის სიტყვებზე კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ, არ მინახავს ეს გამონათქვამი. მე შემიძლია ვთქვა ის სამწუხარო რეალობა, რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ - რომ საქართველო ყველა მიმართულებით მიდის უკან. ეს შეეხება ეკონომიკურ ვითარებას, ეს შეეხება კორუფციას, ნეპოტიზმს სახელმწიფო ბიუროკრატიაში. იმის ნაცვლად, რომ ამ ადამიანებს წინ გადაედგათ ნაბიჯები და ის ხარვეზები, რომლებიც ნამდვილად არსებობდა კერძოდ სასამართლო სისტემაში, გამოესწორებინათ. ჩვენ ვნახეთ ბოლომდე პოლიტიკურად დამორჩილებული სასამართლოს სურათი, პოლიტიკური დევნა და ამის საფასურად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მოსალოდნელია, როგორც ყველგან ხდება, აქაც გავრცელდეს კორუფცია და განუკითხაობა" - განაცხადა ბოკერიამ.
საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის განცხადებით, გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებები და რეგიონებში მოსამართლეების გახსნილობა ქრთამის მიმართ გავლენას ახდენს საქართველოში მომუშავე უცხოელ ინვესტორებზე. შვეიცარიის ელჩი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეჩერდეს აღნიშნული და გაგრძელდეს ბიზნესისთვის მეგობრული გარემო ქვეყანაში. ბეხლერმა ინტერვიუ FINANCIAL-ს მისცა.
მასალის გამოყენების პირობები






