შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოკლკული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს უსამძიმრებს და იმედოვნებს, რომ სახელმწიფო მის თავდადებას ღირსეულად დააფასებს.
ამის შესახებ მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთი სამაგალითო პოლიციელი დაკარგა საქართველომ. მინდა მივუსამძიმრო ბექა მარგიშვილის ოჯახს და იმედი გამოვთქვა, რომ სახელმწიფო ღირსეულად დააფასებს მის თავდადებას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ხოლო დამნაშავე საკადრისად იქნება დასჯილი.
მინდა აგრეთვე გამოჯანმრთელება ვუსურვო დაჭრილ პოლიციელს, ვალერიან გრძელიშვილს და იმედი გამოვთქვა, რომ იგი კვლავ ასეთივე შემართებით განაგრძობს საზოგადოების სამსახურში ყოფნას.
სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში სულ უფრო გახშირდა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მათზე თავდასხმის ფაქტები, რასაც ხშირად ფატალური შედეგიც მოჰყვება. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემა დაფუძნებულია თითოეული პოლიციელის თავდადებასა და მათ მიმართ საზოგადოების პატივისცემაზე“,- წერს მერაბიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






