საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს თავდაცვის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციაზე და ამ სისტემის ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს, პირველი მიმართულება არსებული რესურსების ოპტიმიზაცია და ოპტიმალური გამოყენებაა, მეორე მიმართულება კი სტრატეგიული მოდელირება. ჯანელიძის თქმით ორივე პროცესი საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისკენაა მიმართული.
„სახელმწიფო თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი დღეს და გუშინ არ დაწყებულია, ეს პროცესი მიმდინარეობს ათეულ წელზე მეტია და მისი მიზანი, ნატოსთან თავსებადი ეფექტიანი ძალების, მაღალპროფესიული, მობილური, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე მორგებული შეიარაღებული ძალების შექმნაა“- განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, რესურსების ოპტიმიზაციის კუთხით თადაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი საქმიანობის ბაზის დახვეწა, ზოგ შემთხვევაში, თავიდან შემუშავება ხდება. სტრუქტურული ოპტიმიზაციის კუთხით რეკომენდაციების შემუშავების პროცესს კი სპეციალურად შექმნილი კომისია უძღვება მინისტრის პირველი მოადგილის მეთაურობით.
მინისტრის შეფასებით, აუცილებელია რომ ყველა სამხედრო დანაყოფს საქმიანობის მკაფიოდ გამოკვეთილი სამართლებრივი საფუძველი და ძირითადი მიმართულებები ჰქონდეს, რათა მკვეთრად გაიმიჯნოს სამინისტროსა და გენერალური შტაბის ქვედანაყოფებს შორის ფუნქციები და თითეული დანაყოფის საქმიანობაზე კონტროლი განხორციელდეს.
თავდაცვის მინისტრმა ადამიანური რესურსების მართვის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროში კარიერული ზრდის უზრუნველსაყოფად შემუშავდა და დამტკიცდა სამოქალაქო პერსონალის რესურსების მართვის და საკადრო მართვის პროგრამურლი ელექტრონული სისტემა. ჯანელიძის თქმით სამინისტროს წინა მმართველობის პერიოდში შემუშავებულ კეთილსინდისიერების მართვის სისტემას , მისი მმართველობის პერიოდში გენდერული თანასწორობის სტრატეგია შეემატა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






