პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, „იარაღის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კომიტეტების ფარგლებში განხილულია.
მისი ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე მთელი რიგი ცვლილებები გამოითქვა, რომელთა ნაწილი ინიციატორმა გაიზიარა, თუმცა, იყო ორი-სამი საკითხი, რომელზეც ინიციატორმა კომიტეტზე გამოთქმული მოსაზრებები არ გაიზიარა და კომიტეტმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, რომ პლენარული სხდომისთვის ალტერნატიული წინადადებები წარედგინა.
ხმალაძის გამარტებით, საკითხი უკავშირდებოდა იარაღის შენახვის წესს და პირის ნასამართლეობის შემდეგ დამატებით შემზღუდავი ვადის დაწესებას იარაღის ფლობაზე.
„ეს ეხებოდა როგორც სპორტულ, ასევე სანადირო იარაღს. ამის შემდეგ მთავრობის წინადადება იყო, რომ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ჯერ არ გატანილიყო და განსხვავებული მიდგომების შეთანხმების მიზნით მუშაობა გაგრძელებულიყო. ორი სამუშაო შეხვედრა შედგა და რაღაც ნაწილში შევთანხმდით, რაღაც ნაწილი გადაიდო. ამის შემდეგ მხოლოდ ტექნიკური მიზეზები იყო, რის გამოც შეხვედრები ვერ გაგრძელდა. რა საკვირველია, იარაღის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ბოლომდე მივიყვანთ და ახლა მოხერხდება საკითხის ბოლომდე მიყვანა. აქვე ვიტყვი იმას, რომ „იარაღის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები არანაირად არ უკავშირდება პოლიციელებზე თავდასხმის შემთხვევასთან დაკავშირებული პირის უფლებას.
ეჭვიტანილ პირს იარაღის არათუ ტარების, არამედ შენახვის უფლება არც ადრე მოქმედი კანონით ჰქონდა და მას ამის უფლება არც დღეს მოქმედი კანონით არ აქვს“, - განაცხადა ხმალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






