გიორგი მარგველაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს ჯანდაცვის სისიტემაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო 10 000-ობით საქართველოს მოქალაქის სახელით ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს იმისთვის, რომ მისი მუშაობის შედეგად ბევრ ადამიანს მიეცა შანსი და დაუდგათ ბედნიერი დღე, ჯანდაცვის სამინისტრომ რევოლუციური ნაბიჯები გადადგა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის მინისტრი წმინდა გიორგის სახელობის ორდენით ჯილდოვდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
დავით სერგეენკომ, პრეზიდენტს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოების გამო, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ჯილდოს ყველა ექიმს უნაწილებს.
„ეს მაღალი საზოგადოებრივი ჯილდო მინდა ყველა იმ ექიმს გავუნაწილო, რომლებიც ახლა, ამ წუთებში პაციენტის საწოლთან ან საოპერაციო მაგიდასთან დგანან და ახლა, ამ წუთებში მიიჩქარიან ავადმყოფის დასახმარებლად, რადგან მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ის მოკრძალებული მიღწევები, რომელიც განხორციელდა ამ ხნის განმავლობაში“, -განაცხადა სერგეენკომ.

მასალის გამოყენების პირობები






