როგორ უნდა ებრძოლოს სახელმწიფო კრიმინალს და რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი. ,,ნიუპოსტი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა.
_პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუხატო დაღუპული პოლიციელის ოჯახს და მთლიანად საქართველოს, რადგან ქვეყანამ დაკარგა კიდევ ერთი ღირსეული შვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ, საზოგადოება ვიყოთ უსაფრთხოდ.
სამწუხაროდ, ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, არის იმ ვაქხანალიის შედეგი, რომელსაც ამ ბოლო ორი წლის მანძილზე ვხედავთ. ზოგისთვის ეს იყო სასაცილო, ზოგისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ როცა კრიმინალი შემოვიდა ქალაქებში, სოფლებში, ჩვენს ოჯახებში, ყველა მიხვდა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს დაცული. დანაშაულთან ბრძოლა არ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის რაოდენობის გაზრდა, მანქანების ფერის შეცვლა ან საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე ახალი ციმციმას დაყენება. ეს ბევრად უფრო კომპლექსური საკითხია, რომელშიც მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს ჩართული.
_რას გულისხმობთ, საზოგადოების ჩართულობაში?
_პივრელ რიგში მე გამოვყოფ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, რის გამოც სახეზეა კრიმინალის მატება.
ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ამნისტიამ თუ ვადამდე ადრე გათავისუფლებამ ქვეყანაში კრიმინალი გაზარდა. ეს არის უდაო და ამას ყველა ხედავს. მაგრამ აქ არის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაზეც ძალიან ცოტა საუბრობს. ბოლო პერიოდში მოდაში დაბრუნდა ის, რაც იყო 90-იან წლებში, კერძოდ მოდაში დაბრუნდა, მაპატიეთ ამ ჟარგონისთვის, ტელევიზიაში ,,შავი ბაზარი“. დაბრუნდა კეთილგანწყობა კრიმინალური აზროვნების პირების მიმართ და ეს ყველაფერი, იმ ამნისტიასთან და შეწყალებებთან ერთად, ქმნის სიტუაციას, როცა კრიმინალმა არამარტო იმატა, არამედ კრიმინალისთვის შეიქმნა სასათბურე პირობები თავად საზოგადოების მხრიდან. კრინიმალთან ბრძოლის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციას და რასაც ჰქვია საზოგადოების მხრიდან ჩართულობას. როცა 9 წლის წინ პოლიცია ებრძოდა კრიმინალს, ის ხედავდა რომ მის უკან დგას საზოგადოება და მის უკან დგას სახელმწიფო. დღეს, როცა პოლიცია ებრძვის კრიმინალს, ის ხედავს რომ მის უკან არავინ დგას. იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც კრიმინალს ებრძოდა, პოლიციელები, რომლებიც შს მინისტრის მეთაურობით ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენი ოჯახები ყოფილიყვნენ უსაფრთხოდ, არიან ციხეში და ზოგიც კიდევ ქვეყნიდან გახიზნულია. ამას რიგითი პოლიციელი ხედავს, რომ ციხეში არიან იმის გამო, რომ შეასრულეს თავიანთი საკონსტიტუციო მოვალეობა და დაიცვეს საზოგადოებრივი წესრიგი.
_ხშირად საუბრობენ ხელისუფლების ოპონენტები და თქვენც ახსენეთ, რომ კრიმინალს ხელისუფლებამ სასათბურე პირობები შეუქმნა, და ამასთან აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია პრევენცია საზოგადოების მხრიდან, თუკი ხელისუფლება ქმნის სასათბურე პირობებს, მაშინ რა ქნას საზოგადოებამ? ფიქრობთ, რომ საზოგადოება არ არის მოტივირებული კრიმინალთან საბრძოლველად?
_მას შემდეგ, რაც იმ ქალბატონმა ტელევიზიით თქვან, რომ ,,ალბათ ის პოლიციელი მოსაკლავი იყოო“, ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ არსებობს მცრიერიცხვანი ჯგუფი, რომელიც ასე ფიქრობს, ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც არსებობდა ასეთი მცირერიცხოვანი ჯგუფები, მაგრამ ხმას ვერ იღებდნენ, იმიტომ, რომ მთელი საზოგადოება იყო ჩვენს მხარეზე კრიმინალთან ბრძოლაში. ის ხალხი, რომელიც 90-იან წლებში პროპაგანდას, კულტივაციას უკეთებდა ქურუდულ მენტალიტეტს, ეს ხალხი არ გამქრალა. სააკაშვილმა მოახერხა 9 წლი განვალობაში რომ ისინი დაიმალნენ და ვერ ბედავდნენ საუბარს იმაზე, რომ პოლიციელი უნდა მოკლა იმიტომ, რომ მოსაკლავია... საზოგადოების 99% იყო ქვეყნის, სახელწმიფოს და მთავრობის მხარეს კრიმინალთან ბროძლაში. დღეს როცა ნახეს, რომ ციხში ზიან ის ადამიანები, რომლებიც კრიმინალს ებრძოდნენ, ბუნებრივია, მათ წამოყვეს თავი და ,,შავი ბაზარი“ უკვე გვესმის ტელევიზიებით. მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის ტელევიზიების ბრალი, მე მოვისმინე, რომ ზოგი მედიას აბრალის... ეს არის საზოგადოების ბრალი... როდესაც 3 წლის წინ პოლიციელი ებრძოდა კრიმინალს და თბილისი იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქი, როცა პოლიციელი თავის მოვალეობას ასრულებდა, მან იცოდა, რომ მის უკან დგას საზოგადოება და ხელისუფლება. დღეს პრემიერ-მინისტრი პოსტფაქტუმ რომ ხვდება სპეცრაზმელებს, ეუბნება რომ თქვენ არ უნდა დაისაჯოთ და ბრძანება შეასრულეთო, მაპატიეთ, მაგრამ ხალხი ამ ბრძანების შესრულებისთვის ზის ციხეში... ეს ხომ მესიჯია პოლიციისთვის?
_ფიქრობთ რომ მესიჯი დაგვიანებულია ხელისუფლების მხრიდან?
_მე მაქვს კიდევ ერთი შეკითხვა, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცოდა, რომ ამ ადამიანმა მოკლა ბორჯომში პოლიციელი, რატომ არ იყო ამ ადამიანის სურათები ტელევიზიაში გავრცელებული და რატომ არ ხდებოდა მუშაობა საზოგადოებასთან მასმედიის საშუალებით, რომ მისი სამყოფელი ცნობილი გამხადარიყო. როცა მეორე პოლიციელი მოკლა, მხოლოდ მაშინ გაახსენდათ, რომ მისი სურათების ჩვენება იყო საჭრო? რას ნიშნავს, როცა მკვლელი არის გარეთ და ვერ ვხედავთ აქტივობას სახელმწიფოს მხრიდან, რომ საზოგადოება იყოს ჩართული... ეს არის მთავარი.
პოლიცია არის ძალიან სენსიტიური ინსტიტუტი. ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, რომ ეს ინსტიტუტი ააშენო, მაგრამ ძალიან მარტივია მისი დანგრევა. მაგალითს მოგიყვანთ, როდესაც აშშ-ში, ნიუ-იორკის მერმა გაბედა და არაპირდაპირ, ორაზროვნად შეეხო პოლიციელებს, თუ როგორ ასრულებდნენ ისინი მოვალეობას, აღლუმის დღეს, პოლიციელები შებრუნდნენ და ზურგით დაუდგნენ მერს, ანუ ზურგი აქციეს, არ დაგავიწყდეთ, რომ მერი 2 პოლიციელზე საუბრობდა, მაგრამ პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ სახელწმიფომ მათ, მერის სახით, უღალატა. პოლიციელი არის პირისპირ კრიმინალთან და თუ ის არ გძნობს, რომ სახელწმიფო არის მის გვერდით, ის შეასრულებს თავის მოვალეობას, მოკვდება, მაგრამ ამ სიკვდილით საზოგადოება უფრო უსაფრთხო არ იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






