თბილისის ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი, 11 მილიონი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.
აღნიშნული გადაყვეტილება საკრებულოს სხდომაზე იქნა მიღებული, სადაც დილიდან დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდნენ.
თუმცა ამავე ცვლილებებში საუბარი არ არის იმ მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობის დაფინანსებაზე, რაზეც რამდენიმე თვის წინ დავით ნარმანია საუბრობდა.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პარკინგი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა დედაქალაქში და აუცილებელია, რომ ამ პრობლემბის მოგვარების მიზნით ბიუჯეტიდან თანხები დაიხარჯოს. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ამ სფეროში თანხებს ჩადებს ინვესტორი.
ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით რამდენიმე მილიონით შემცირდება სოციალური სფეროს დაფინანსება. უმრავლესობის თქმით, ეს ცვლილებები არსებულ რეალობასთან სრულ შესაბამისობაშია. ხოლო უმცირესობის დეპუტატების თქმით, ეს ცვლილება ერთ-ერთი მიზეზია იმის, რის გამოც ისინი ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ.
მასალის გამოყენების პირობები






